მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე: "შეურიგებელი ვიქნებით ნარკორეალიზატორების მიმართ"

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნების" მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ნარკოტიკებთან ბრძოლაა. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა შეურიგებელი იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ. "ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს", - განაცხადა მან.

როგორც მან აღნიშნა, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო მოცულობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო.

„რამდენიმე დღის წინ სპეციალური ოპერაციის შედეგად, 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული. შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა ამ ქმედებებისთვის. არ გავჩერდებით და მომავალშიც ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვერავის მისცემს საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ქვეყანაში.

„ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას, მათ შორის, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში. წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და სხვა მსგავსი საშუალებების მოხმარება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, გამჭვირვალობის შესახებ და გრანტების შესახებ კანონის მიღებისთვის. სწორედ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონმდებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, "ოცნების" პრემიერის თქმით, ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩანაცვლებითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. აქაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები პრაქტიკასთან დაკავშირებით რამდენად სწორი იყო ეს პრაქტიკა. სახელმწიფო დააზღვევს ნებისმიერ მანკიერებას ამ მიმართულებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ „ოცნების“ ხელისუფლებამ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კანონი მიიღო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების ნარკომოვაჭრეთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისგან დაცვას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო. ნარკოლოგ ზურა სიხარულიძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ამძიმებს ნარკოტიკების მომხმარებელთა მდგომარეობას, არამედ აძლიერებს მათ მიმართ სტიგმას და ზღუდავს მაღალი ხარისხის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

კერძო პროგრამების დახურვით სახელმწიფოს კონტროლი და სტიგმა იზრდება - ნარკოლოგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები