"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. მან ამის შესახებ უნგრულ ტელევიზია TV2-თან განაცხადა.
„საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა. სტუმართმოყვარეობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა — ის, რასაც ყველას სიამოვნებით ვაჩვენებთ. ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება“, - თქვა კობახიძემ TV2-თან ინტერვიუში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, უნგრული ტელევიზიის სიუჟეტში ასევე საუბარია ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაზე. ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებებსაც და აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.
„დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს არასდროს ვტოვებ. საფეხბურთო თემებში აქტიურად ვარ ჩართული. მართალია, საკლუბო ფეხბურთი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გუნდი “დინამო თბილისია“ — უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი. რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს საყვარელი უცხოური გუნდი. ჩემთვის ეს ბარსელონაა — მათი თამაშის სტილი განსაკუთრებით მომწონს“, - თქვა ინტერვიუში ირაკლი კობახიძე.




























