მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

თურქმენეთი

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, 24 თებერვალს თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა - ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

"განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ვაჭრობის სფეროში არსებულ დადებით დინამიკას. აღინიშნა თურქმენეთისა და საქართველოს პარტნიორობა სატრანზიტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკის სექტორებში", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა "შუა დერეფნის" განვითარებაში.

"მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოების გზები სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად", - დაწერა X-ზე ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ირაკლი კობახიძე თურქმენეთს ოფიციალური ვიზიტით 3-ჯერ ეწვია. ამავე წელს, საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტი 214%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება 2026 წელს, საქსტატის ცნობით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ იანვრის თვეში $4.95 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის ბრუნვასთან, $1.73 მილიონთან შედარებით, 186.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აქედან ძირითადი ნაწილი, $3.63 მილიონი, იმპორტზე მოდის:

თურქმენეთიდან შემოსული TOP 5 პროდუქტი - იანვარი, 2026 ათასი აშშ დოლარი
საშუალო და მძიმე დისტილატები; ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; და სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების 70 მას.% ან მეტი შემცველობის პროდუქტები, რომლებიც მიღებულია ბიტუმოვა 2 669.5
ახალი ან გაცივებული პომიდორი 370.2
ნავთობის ბიტუმი 292.9
შარდოვანა, მათ შორის წყალხსნარში (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქი) 97.3
დანარჩენი შოკოლადის და კაკაოს შემცველი მზა კვების პროდუქტები, 1806 10-1806 32 სასაქონლო ქვეპოზიციების გარდა 75.6

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარში ქვეყნიდან თურქმენეთის მიმართულებით გასული საქონლის ღირებულებამ $1.32 მილიონი შეადგინა.

თურქმენეთში გასული TOP 5 პროდუქტი - იანვარი, 2026 ათასი აშშ დოლარი
შინაური ქათმის (Gallus domesticus) ნაკლავის ნაწილები და სუბპროდუქტები, გაყინული 621.1
მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით უკუქცევით-წინსვლითი მოძრავი დგუშით, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 1500 სმ³-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 3000 სმ³-ისა 173.8
მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით უკუქცევით-წინსვლითი მოძრავი დგუშით, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 3000 სმ³-ზე მეტი 148.1
წყლები მინერალური და გაზიანი 116.3
ახალი ან ხმელი ბანანები 75.8

ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი (რეექსპორტის გარეშე) მხოლოდ 11%-ია, მინერალური წყლების ექსპორტის ხარჯზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები