"ეკონომიკის მინისტრის ჩინეში ვიზიტი ვაჭრობის განვითარებას დამატებით შეუწყობს ხელს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. სამინისტროს ცნობით, ქვრივიშვილი მთავრობის წარმომადგენლებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება.
ირაკლი კობახიძის ცნობით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანას შეეხება.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ შეთანხმების არეალის გაფართოებაზე. ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს, რა თქმა უნდა, დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას ჩინეთსა და საქართველოს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.




























