თურქმენეთი, სადაც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე წელს ოფიციალური ვიზიტით მესამედ გაემგზავრა, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 35-ე ადგილზეა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 10 თვეში, თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვამ $77 811 100 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან ($67 918 300) შედარებით, 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
BMG დაინტერესდა, როგორია სხვა ეკონომიკური კავშირები საქართველოს რიგით 35-ე სავაჭრო პარტნიორთან.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოში თურქმენეთიდან იმპორტირებული პროდუქტების ღირებულებამ $28 761 500 შეადგინა, რაც წლიურად 45%-იანი კლებაა.
TOP 10 იმპორტირებული პროდუქტი თურქმენეთიდან (ათასი აშშ დოლარი):
| პროდუქტი | 2025 (10 თვე) | |
| 1 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 16 704.9 |
| 2 | ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები | 4 321.0 |
| 3 | ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან | 1 622.6 |
| 4 | ბიტუმოვანი ნარევები, ბუნებრივი ასფალტი | 901.5 |
| 5 | სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი | 801.0 |
| 6 | პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული | 723.7 |
| 7 | ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები პლასტმასებისაგან | 523.1 |
| 8 | შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები | 448.6 |
| 9 | სატვირთო ავტომობილები | 328.7 |
| 10 | ბაკნები, პირსაბანები და ანალოგიური სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმი კერამიკისაგან | 285.7 |
რაც შეეხება ექსპორტს, წელს ის მკვეთრად, 214%-ით გაიზარდა. 10 თვეში საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტი $49 049 700-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ანალოგიური მაჩვენებელი $15 602 300 იყო.
თურქმენეთში ექსპორტი, როგორც ჩანს, ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა, ვინაიდან 2024 წელს საქართველოდან ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში მხოლოდ $1 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა, 2025 წლის 10 თვეში კი - $23.5 მილიონის.
TOP 10 საექსპორტო პროდუქტი (ათასი აშშ დოლარი):
| პროდუქტი | 2024 | 2025 (10 თვე) | |
|---|---|---|---|
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | 1 096.2 | 23 554.0 |
| 2 | ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული | 11 382.4 | 15 312.8 |
| 3 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | 1 831.4 | 2 050.5 |
| 4 | ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი | - | 1 808.6 |
| 5 | ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან გამხმარი | 739.1 | 764.3 |
| 6 | მინერალური და მტკნარი წყლები | 490.2 | 533.1 |
| 7 | კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი | 425.6 | 469.7 |
| 8 | ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა | 168.0 | 445.9 |
| 9 | ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები | 927.3 | 426.1 |
| 10 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | 559.6 | 425.3 |
გარდა ამისა, საქსტატის თანახმად, საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თურქმენეთის წილი 2024 წელს 0.1% იყო. ამ ქვეყნიდან გასულ წელს $1 მილიონი FDI შემოვიდა. აქედან ყველაზე მაღალი, $415.8 ათასის ინვესტიცია ვაჭრობის სექტორში განხორციელდა.
2016 წლიდან დღემდე, თურქმენეთიდან ინვესტიციამ რეკორდულ $3.1 მილიონიან ნიშნულს 2019 წელს მიაღწია.
2025 წლის სამ კვარტალში კი თურქმენეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია $1.62 მილიონს აღწევს.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, წელს, იანვარ-ოქტომბერში თურქმენეთიდან საქართველოში გადმორიცხვებმა $285.3 ათასი შეადგინა. თურქმენეთის წილი ფულად გზავნილებში წელს 0.01%-ია.
რაც შეეხება ტურისტულ მაჩვენებლებს, 2025 წლის 9 თვეში საქართველოში თურქმენეთიდან 14 351 ვიზიტი განხორციელდა. ამასთან, საქსტატის თანახმად, ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან ტურისტების რაოდენობამ პიკს გასულ წელს მიაღწია, როდესაც საქართველოში 17 546 ვიზიტი განხორციელდა.




























