"ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
"გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა", - წერს კობახიძის ადმინისტრაცია.
საქართველოს სტუმრობს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რომელიც საქართველოში იმყოფება, როგორც ეუთოს თავმჯდომარე.
ჯერ კიდევ გუშინ, კობახიძე ამბობდა, რომ "ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის განცხადებით 4 ოქტომბერს საქართველოში ჩანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე ეფექტიანი დაკვირვება შეუძლებელია და შესაბამისად, სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნა. ამის მიზეზად ეუთო/ოდირი "ქართული ოცნების" მხრიდან დაგვიანებულ მოწვევას დაასახელა.
საქართველოში ჩამოსვლამდე ვალტონენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია, სადაც როგორც ეუთოს განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსია შეეხება ორი ქვეყნის სამშვიდობო შეთანხმებას და მის პროგრესს. საქართველოს შემთხვევაში კი ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილებულიყო 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ეუთოს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე.




























