მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძემ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 8 წევრი დანიშნა - სია

სხდომა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 8 წევრი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

ორი წლის ვადით დაინიშნენ:

  • თამარ ტყეშელაშვილი
  • თეონა გუნცაძე
  • გიორგი მაისურაძე

სამი წლის ვადით დაინიშნენ:

  • Michael Ridley
  • ლევან შავკაციშვილი
  • გიორგი მორჩილაძე
  • Jean-Frederic Paulsen
  • Frederick E. Artesani

საბჭოს წევრების CV-ებს Bm.ge შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვს.

საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს - მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების მიზნით საპენსიო სააგენტომ კონკურსი 11 დეკემბერს გამოაცხადა.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. რის შედეგადაც, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.

მმართველობითი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს სამი პროფესიონალი წევრისგან, რომელთაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი პოზიციისთვის საჭირო განათლება, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება და ხუთი პროფესიონალი წევრისგან რომელთაც დამატებით უნდა ჰქონდეთ ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ათი წლის პროფესიული ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულების დირექტორად მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. დადგენილების თანახმად, მმართველობით საბჭოს თანამდებობრივ წევრს, წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს შეარჩევს და საქართველოს პრემიერ მინისტრს დასანიშნად წარუდგენს შესარჩევი კომისია, რომელიც შედგება რვა წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის სამი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ორი წევრი.

2025 წლიდან, საპენსიო დანაზოგებზე პასუხისმგებელი პრემიერის დანიშნული 9 პირი იქნება - რატომაა ეს რისკი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები