მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძეს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო

მთავრობა

მყინვარები საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრეა, თუმცა გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე მათ სტიქიური საფრთხეებიც უკავშირდება, – ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის ექსპერტ დანიელ ტობლერთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები განიხილეს.

კობახიძის განცხადებით, მყინვარებთან დაკავშირებული რისკები განსაკუთრებით თვალსაჩინოდ შოვის ტრაგედიამ აჩვენა, რომელმაც საზოგადოებას ბუნებრივი საფრთხეების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ მტკივნეულად შეახსენა.

კობახიძის ადმინისტრაცია წერს, რომ შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა და მისი მიზანი მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების შეფასება იყო. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა როგორც შვეიცარიელ, ისე ქართველ ექსპერტებს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ GEOTEST-ს მსოფლიო მასშტაბით აქვს გამორჩეული გამოცდილება მსგავსი რისკების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით.

კვლევა საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა ამ მასშტაბით და ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში არსებული საფრთხეები შეფასდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა გამოვლინდა კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, სადაც რისკები შენარჩუნებულია და მათი მართვისთვის აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დანერგვა.

მონიტორინგის სისტემების განთავსება მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესის კოორდინაციის მიზნით ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც გააერთიანებს ყველა შესაბამის უწყებას და უზრუნველყოფს რისკების მართვის პროცესის ეფექტიან მართვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები