მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას კიდევ ერთხელ მოვითხოვთ” - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მორიგ აქციას გამართავენ

დიუშენი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს, 6 აპრილს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის წინ მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარის, ზაქრო გვიშიანი განცხადებით, აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეთან შეხვედრას, რომელიც, მშობლების განცხადებით, უკვე სამ თვეზე მეტია არ შედგა.

გვიშიანის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს არ აძლევს უფლებას კანცელარიის წინ კარვები გაშალონ და პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გააგრძელონ. უწყების მხრიდან უარის საფუძვლად სახელდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც დროებითი კონსტრუქციების მოწყობას გარკვეულ პირობებში ზღუდავს.

“უკვე წელიწადზე მეტია რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატების შემოტანას და პერიოდული კვლევების დაფინანსებას ვითხოვთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენ სახელმწიფო კანცელარიის წინ 28 მარტს აქცია გავმართეთ და 5 დღის ვადაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ვითხოვეთ. უკვე სამ თვეზე მეტია მშობლებთან შეხვედრას პრემიერ მინისტრი თავს არიდებს.

დღეს, 6 აპრილს 15:00-ზე მშობლები კიდევ ერთხელ მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. პარალელურად მივიღეთ მითითება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან კანცელარიის წინ მოედანზე კარვები არ დავდგათ და დაანონსებული პროტესტის 24 საათიანი ვადა შევამციროთ.

უარის საფუძვლად მითითებულია შეკრებებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად შეკრების მონაწილეებს უფლება არ აქვთ:

ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”, - თქვა მან.

აქციის ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეკრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული და კანცელარიის წინ არსებული სივრცე არ წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას. მათი შეფასებით, დაუშვებელია, რომ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის სრულყოფილად გამოხატვის შესაძლებლობა ეზღუდებოდეთ.

მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მიმართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები