შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ სრულად უჭერს მხარს ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას და მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობისთვის “ყველაფერს გააკეთებს, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დაუწყებს”.
ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადების “ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ აწერენ ხელს”, რადგან მომხდარმა მოვლენებმა მისი სისწორე კიდევ უფრო მეტად დაადასტურა.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ჩვენ ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ. ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა, რომელიც პირდაპირ ჩაერია მისი ელჩის ხელით საქართველოს არჩევნებში, რომლის პოლიტიკოსებიც ჩამოდიოდნენ და აქ მიტინგებს გვიწყობდნენ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი გუნდის ნარატივი “გარედან მართული ტერორის” შესახებ, რომელიც, მისი თქმით, “ერთ წელზე მეტია, საქართველოში მიმდინარეობს” იმ მიზნით, რომ ხელისუფლება ანტიდემოკრატიული გზებით ჩაანაცვლონ.
"ერთ წელზე მეტია გარედან მართული ტერორი მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხელისუფლება ანტიდემოკრატიული გზებით ჩაანაცვლონ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, წაიკითხეთ - ყველა მის სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს განცხადება. 2024 წლის 27 ივნისს, ბრიუსელმა იმისათვის, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა, გაწევრიანების საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი ცალმხრივად შეწყვიტა ეს ცოტა ხნის წინ, მათ შორის საელჩომ აღიარა. ასე რომ, ის რაც 2024 წლის ივნისში შეწყდა, 2024 წლის ნოემბერში ვერ შეჩერდებოდა.
2024 წლის 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის მონაკვეთში ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა და საქართველო და ქართველი ხალხი მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყოლოდა: - თუ მარცხენა ფეხზე დადგები მოლაპარაკებას ამ საკითხში გაგიხსნი, თუ მარჯვენა ფეხზე დადგები მოლაპარაკებას მეორე საკითხზე გაგიხსნი. უნდოდათ ქართველი ხალხი ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში დაეყენებინათ", - თქვა პაპუაშვილმა.
გასული წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
"ქართულ ოცნებაში" მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა ხალხმრავალი პროტესტი. ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ.
28 ნოემბრიდან პოლიციამ ძალა არაერთხელ გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ასევე ჟურნალისტებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას. აღსანიშნავია, რომ არაერთი დემონსტრანტი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით, მოძალადე პოლიციელთაგან კი ამ დრომდე არავინ არის დასჯილი.




























