მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის, ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის განცხადებები - სრული ტექსტი

ქქ
20.02.24 23:50
342

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის − ჯოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის − ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ვიდრე მედიის კითხვებს უპასუხებდნენ, სამივემ განცხადებები გააკეთა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის - ჯოზეფ ბორელი:

„საუბარს დავიწყებ თქვენდამი მოსალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო ირაკლი. ეს თქვენი პირველი საგარეო ვიზიტია და ბრიუსელში ჩამობრძანებით თქვენ ადასტურებთ, რომ საქართველოს ევროპულ გზას ძალიან სერიოზულად უდგებით.

ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა პირველია კანდიდატი ქვეყნის რანგში და ჩვენ შევდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ფაზაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც და გაფართოების საკითხებში ევროკომისარიც დამეთანხმებით, რომ დღევანდელი დისკუსია ხაზს უსვამს ჩვენ მიერ ნაკისრ საერთო ვალდებულებას შეუქცევადი წინსვლის მისაღწევად საქართველოს ევროპულ გზაზე. ხაზს ვუსვამ შეუქცევადს!

საქმე თქვენ წინაშეა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჭიროებს ახალ ძალისხმევას და ზრდის მთავრობის, ოპოზიციისა და ყველა მოთამაშის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობას. უკლებლივ ყველა, რიგითი ქართველები, ჩართული უნდა იყვნენ რეფორმების პროცესში.

ნება მიბოძეთ, გავაჟღერო სამი გზავნილი, რადგან დრო ბევრი არა გვაქვს და თან დილიდან ვსაუბრობთ ამ თემებზე.

პირველი გახლავთ ის, რომ რეფორმების განხორციელების ტემპი უნდა გაზარდოთ. მათ შორისაა ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული მიმართულებები, რათა გადაიდგას ის 9 ნაბიჯი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია გაწერილი. ამისათვის თქვენს აქტივს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს და, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ამ პროცესში ჩართული. საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად.

მეორე გზავნილი ის გახლავთ, რომ ევროკავშირი არის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული გაერთიანება. ეს ფუნდამენტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ძალიან რთულ და, თუნდაც, საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს ცხოვრება. მივესალმებით თქვენს სტრატეგიულ მიზნებს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. ვიცით, რომ ეს სულისკვეთება მზარდია. ამჟამად მცირედითაა გაზრდილი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობისა და მიღებული გადაწყვეტილებების გზით. ველით, რომ ეს შესაბამისობა მნიშვნელოვნად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში. ასევე, ჩვენ გვაღელვებს ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელება, და მოგიწოდებთ, ყველა ძალისხმევა მიმართოთ ინფორმაციით მანიპულირებისა და უცხო ძალის ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამას უფრო დიდი მასშტაბი ექნება ევროკავშირის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამან შეიძლება მეტად იჩინოს თავი თქვენი საპარლამენტო არჩევნების დროსაც.

მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ წელს გიწევთ მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება ქართული დემოკრატიის ნაწილში. ამ საკითხს დავუკავშირებდი საარჩევნო პროცესს და ვიტყოდი, რომ მივესალმებით საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც აქამდე განხორციელდა, და მოგიწოდებთ, ბოლომდე მიიყვანოთ საქმე მომდევნო არჩევნებამდე, რათა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ყველა რეკომენდაცია იქნეს შესრულებული თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად.

დაბოლოს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, - დღეს სხდომაზე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა. ჩვენ სრულად ერთგული ვრჩებით თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის იდეისადმი. რეგიონში გვყავს სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ყველაზე ხანგრძლივია მთელ რეგიონში. მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი ხალხის სასიკეთოდ. ასევე, მასშტაბურად გავაძლიერეთ საქართველოსთან თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილში, და ეს „ევროპის მშვიდობიანი მექანიზმის" საშუალებით მოხდა, რომლის ლოგისტიკას, სტრუქტურასა და არსს დღეის მდგომარეობით 6.3 მილიონი ევრო მოხმარდა. ამ მიმართულებით დახმარება წელს გაიზრდება. ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა გვაქვს და ბოლო მათგანი გულისხმობს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან თქვენს მიერთებას. ამ უკანასკნელზე შეთანხმება წლის ბოლომდე მოხდება.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, გასული წლის სექტემბერში საქართველოში ყოფნისას გამაოცა ევროკავშირის დროშების რაოდენობამ, თბილისის ქუჩებში ყველგან დიდი რაოდენობით ვხედავდი მათ. თავიდან მეგონა, ასე მე მხვდებიან-მეთქი, მაგრამ ასე ყოფილა ჩემს ვიზიტამდეც და ასე იყო ჩემი ვიზიტის შემდეგაც. მე - უმაღლესი წარმომადგენელი - არაფერ შუაში ვიყავი ამ ამბავთან. ეს ცხადყოფს თქვენი მოქალაქეების ძლიერ ერთგულებას ევროპული იდეალებისადმი და თქვენ გაკისრებთ პასუხისმგებლობას დაუკმაყოფილოთ ეს მოლოდინი. ჩვენი მხრივ, ევროკავშირსაც გვაკისრია ვალდებულება, თქვენთან ერთად გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა და გავაძლიეროთ ძალისხმევა ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად, თქვენი მედეგობის გასაზრდელად და თქვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულად დასაცავად. დიდი მადლობა!"


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:

„დიდი მადლობა! მოგესალმებით, ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო და ევროკომისარო! დიდი მადლობა ბრიუსელსა და ევროკავშირში ჩვენი მასპინძლობისთვის.

დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნა მიღწეული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ისტორიულ მიღწევას, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გულისხმობს.

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობა პრემიერ-მინისტრის რანგში. დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი ჩვენი პარტნიორობის გზაზე.

მზარდი სტრატეგიული ურთიერთობა ევროკავშირთან დიდი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და იმ ნაკისრი ვალდებულებისთვის, რომელიც ევროპულ თანამეგობრობაში ევროპულ დემოკრატიებთან გაწევრიანებას, საერთო ფასეულობებისა და პრინციპების მიღებას გულისხმობს.

დღევანდელი სხდომის ფარგლებში განხილული წინსვლა გამოწვევებით სავსე ვითარებაში ხდებოდა და ყველა წინგადადგმული ნაბიჯი დიდი შრომის შედეგად იქნა მიღწეული. ჩვენ ვრჩებით ამ პროცესის ერთგულნი და არ ვეძებთ მოკლე გზებს დასახული მიზნის მისაღწევად.

დღევანდელმა ასოცირების საბჭოს სხდომამ კარგი შესაძლებლობა მოგვცა საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განსახილველად. მიგვაჩნია, რომ საქართველომ აჩვენა უძლიერესი ნება მის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისადმი და მზად ვართ, იმავე ტემპითა და სულისკვეთებით ვიმუშაოთ მომავალშიც.

ამ რწმენით შევიმუშავეთ და დავიწყეთ სამოქმედო გეგმის განხორციელება, რათა ევროკომისიის 2023 წლის ნოემბრით დათარიღებულ კომუნიკეში განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯები გადავდგათ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების დადგომამდე.

დღეს კვლავ ვადასტურებ საქართველოს მთავრობის ერთგულებას ევროკომისიასა და სხვა ევროპულ უწყებებში ჩვენს კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნებისადმი ყველა იმ საკვანძო საკითხზე, რომლებიც დღის წესრიგშია გაწერილი, რათა წინ წავიწიოთ შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად.

უახლოესი მომავლისთვის ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყება. საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკური შედეგები და ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე.

ძირითადი რეფორმების განხორციელების შედეგად საქართველომ შესანიშნავი შედეგები იქონია პანდემიიდან გამოსვლისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის სახით. ჩვენი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ზედიზედ ორი წლის - 2021 და 2022 - განმავლობაში შევინარჩუნეთ ეს მზარდი ტენდენცია 2023 წელსაც და პანდემიამდელ ტრაექტორიას დავუბრუნდით.

ვრჩებით წარმატებული რეფორმების განხორციელების იდეის ერთგულნი და ვაძლიერებთ ჩვენი ეკონომიკის მედეგობას. ამავდროულად ვზრდით ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას, რაც ასე მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის. ამ კონტექსტში მივესალმებით ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას პრიორიტეტული ქმედებების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას, სრულად ვისარგებლოთ ევროკავშირთან სრული ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად.

საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო მოკავშირედ და პარტნიორად იმ რეგიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოწვევები გააჩნია. მიზნად გვაქვს დასახული რეგიონალურ მშვიდობაში, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროგრესში წვლილის შეტანა და თანამშრომლობა. გავაგრძელებთ ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირს ამ პროცესის ფარგლებში და უკვე განვიხილეთ მსხვილი ეკონომიკური და დაკავშირებადობის უნარის გამზრდელი პროექტები, რაც ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს რეგიონსა და ევროპას.

დღევანდელი სხდომის ფარგლებში მივესალმეთ ევროკომისიის ძალისხმევას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში. განვიხილეთ ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები და მიმდინარე ოკუპაციის შედეგები. ამ კონტექსტში მსურს, კვლავ გამოვხატო მადლიერება ევროპის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მადლობას ვიხდით ფასეული დახმარებისთვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით.

ამ ინსტრუმენტების გამოყენება არის ადგილზე მშვიდობის შენარჩუნების ძლიერი გარანტია. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა მოგვცემს საშუალებას მეტი სტაბილურობა და წინსვლა უზრუნველვყოთ საქართველოსა და მთელ რეგიონში, კოლექტიური მიზნების მისაღწევად ევროპის კეთილდღეობის ნაწილში. დიდი მადლობა!"

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - ოლივერ ვარჰეი

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ბატონ ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში. ჩვენ პირველად ვხვდებით აქ და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ კიდევ ერთი გვექნება ძალიან მალე. ასევე მინდა ვთქვა, რომ მყისიერად შევუდექით საქმეს და თან დაჩქარებული ტემპით.

უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ სულ რაღაც ორი თვის წინ საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი უკვე იძლევა სარგებელს. დივიდენდებიც მოიტანა ამან. ეს არა მარტო საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით შეიძლება ითქვას, არამედ ევროკავშირის მიმართებითაც. სწორედ ამიტომ მინდა ვთქვა, რომ თუ დასკვნა უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დისკუსიიდან, ეს იქნება შემდეგი: შევთანხმდით, რომ გავზრდით ჩვენი ძალისხმევის ტემპს - იქნება ეს ევროკავშირის გზაზე განსახორციელებელი ქმედებების მიმართებით, თუ ჯერ ისევ განსახორციელებელი 9 ნაბიჯის მიმართებით, ან ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელების მიმართებით, ან ეკონომიკური რეფორმების მიმართებით, რათა საქართველო ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ერთიან ევროპულ ბაზარს მიუერთდეს.

მოდით, სათითაოდ გავიაროთ ყველა მათგანი: ვნახეთ, რომ გაფართოების მიმართულებით საქართველომ არა მხოლოდ შეძლო, არამედ უნდოდა შეესრულებინა განსაზღვრული პირობები. ეს აისახა ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილებაში და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხსენებული გადაწყვეტილების კაპიტალიზაცია. სწორედ ამიტომ ვთხოვდით ჩვენს ქართველ მეგობრებს ტემპის დაჩქარებას სასამართლო რეფორმის და დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა სხვა მიმართულებით, რაც ერთად გავწერეთ 9 ნაბიჯად. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავით, რადგან მთელი ამ ამოცანის მიზანია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. ამიტომ აქ არ ვჩერდებით და ბევრი საქმე გველის წინ. კანდიდატი ქვეყნის გასაკეთებელი საქმე კიდევ უფრო მეტი იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, მიმაჩნია, რომ საკმაოდ კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმით, რომ 1.9 მილიარდი ევროს მობილიზება შევძელით საქართველოში კაპიტალდაბანდებებისთვის. ეს ინვესტიციები უშუალოდ მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო საწარმოები, გარემოს დაცვა და თუნდაც ადამიანის განვითარება. ეს კაპიტალდაბენდებები უკვე ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას. მიმაჩნია, რომ ამ გეგმით პოტენციალი მაინც არსებობს, რომლის გამოყენებაზეც უკვე შევთანხმდით. ამდენად, კიდევ უფრო მოიმატებს ტემპი და ძალისხმევა.

სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროექტია შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტის პროექტი. ეს არის მასშტაბური საეტაპო პროექტი. ვიტყოდი, რომ ეს უფრო მეტიცაა. ის შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოდგეს ევროკავშირის სხვა პარტნიორებისთვის. საუბარი მაქვს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, არამედ სამხრეთის სამეზობლოზე, ან თუნდაც დასავლეთ ბალკანეთში. ის მოდელი, რომლის შექმნაც მოვახერხეთ, სახელდობრ მწვანე ენერგიის მიწოდება ევროპისადმი და ფართოზოლოვანი მაღალი სიჩქარის ინტერნეტის (და შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის) მიწოდება საქართველოსადმი სახელმძღვანელოდ გამოდგება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.

რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა სატრანსპორტო კავშირებზე, რომელთა ფარგლებში ახალი სავაჭრო მარშრუტები დიდ მნიშვნელობას ატარებს. საქართველოს სრული პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ გახდეს ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრი, თუმცა ამისათვის შავი ზღვა უნდა იქცეს ევროპისკენ მიმავალ შემდეგ დერეფნად. ამისათვის დაგვჭირდება საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ასევე ვახსენე ყველაზე უცილობელი და ევროპული ჟარგონით ადრეული ინტეგრაცია, რაც საქართველოსთვის ღია შესაძლებლობად გვევლინება. პირველი ორი მიმართულებით უკვე გვაქვს წინსვლა. ესენია როუმინგი და ერთიანი საანგარიშსწორებო სისტემა. როუმინგის ნაწილში საქართველოს მთავრობამ სწრაფი ტემპებით იარა წინ და ყველაფერი გვაქვს ხელთ იმისათვის, რომ ევროპულ საბჭოს მივმართოთ შეთავაზებით, რათა საქართველო უსწრაფესად მოხვდეს ევროპის როუმინგის სივრცეში. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება როუმინგის და მონაცემთა გაცვლის ხარჯები საქართველოში, მოგზაური ქართველებისთვის, ევროპაში მცხოვრები და მომუშავე ქართველებისთვის. მიმაჩნია, რომ ესეც მასშტაბური და საეტაპო ცვლილება იქნება ქვეყნის მოსახლეობისთვის, რადგან დაინახავენ და გამოიყენებენ. ეს ისეთივე ხელშესახები შედეგია, რაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

მეორე მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ, არის ევროპის ერთიანი საანგარიშსწორებო სივრცე. აქ გასაკეთებელი ბევრი გვაქვს სამომავლოდ, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღია ვართ. როგორც კი მზად იქნება საქართველო საკანონმდებლო თავსებადობით და ჩვენი წესების აღსრულების უნარით ქვეყნის საბანკო სისტემაში, ჩვენც უსწრაფესად უზრუნველვყოფთ ქვეყნის ინტეგრაციას ევროპის ერთიან საანგარიშსწორებო სივრცეში.

ამდენად, როგორც ყველამ კარგად ვიცით, საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და ეს ცხადად ჩანდა სხდომაზე, რადგან ტემპებს ვუმატეთ სულ რაღაც ორი თვის წინ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დიდი მადლობა!"

ინფორმაცია, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები