მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: როდესაც საქართველოს აკრიტიკებენ, EU-ს ქვეყნებმა რუსეთთან იმპორტი გაზარდეს

63ce59a98c373
BM.GE
23.01.23 14:02
1460
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველო-რუსეთის ვაჭრობის, ასევე CNN-ის წამყვანის, ქრისტიან ამანპურის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმული კითხვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი საქართველო მართლაც გაიტანდა სანქცირებულ პროდუქციას რუსეთის ფედერაციაში, ამ შემთხვევაში ექსპორტი არა 7%-ით, არამედ გაცილებით უფრო დიდი ტემპით გაიზრდებოდა. ამასთანავე, კობახიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთში ექსპორტის უდიდესი ნაწილი ალკოჰოლურ სასმელებზე მოდის. იმის მიუხედავად რომ ქრისტიან ამანპურის კითხვა შეეხებოდა იმას, რომ საქართველოს გავლით, მათ შორის ტრანზიტით შეიძლება რუსეთში სანქცირებული პროდუქცია გადიოდეს, ირაკლი კობახიძის პოსტი მხოლოდ ექსპორტს შეეხება. ამასთან, როგორც ცნობილია იყო მცდელობები რუსეთში სანქცირებული პროდუქტების ტრანზიტის გატანის, რაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა აღკვეთა, თუმცა აღნიშნულის შესახებ სრული სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა. 

იმპორტის მხრივ კი კობახიძე საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი მაღალი ტემპით გაზარდეს, თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ ახსენებს იმას, რომ საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაზარდა და ის გასულ წელს 1.83 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამასთან, გაიზარდა დამოკიდებულება რუსულ საწვავზე. თუკი 2021 წელს რუსული ნავთობი მოხმარების 16%-ს შეადგენდა, 2022 წელს საქართველოსთვის რუსეთის წილი საწვავის მოწოდებაში 47%-მდე გაიზარდა. 

“შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში - 24 პროცენტით, იტალიაში - 100 პროცენტით, საფრანგეთში - 84 პროცენტით, ნიდერლანდებში - 51 პროცენტით, ბელგიაში - 78 პროცენტით, უნგრეთში - 132 პროცენტით, საბერძნეთში - 142 პროცენტით, ესპანეთში - 51 პროცენტით, ავსტრიაში - 139 პროცენტით, სლოვაკეთში - 71 პროცენტით, ბულგარეთში - 116 პროცენტით, რუმინეთში - 55 პროცენტით, ჩეხეთში - 31 პროცენტით, სლოვენიაში - 346 პროცენტით, ხორვატიაში - 68 პროცენტით, კვიპროსში - 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში - 262 პროცენტით,”- განაცხადა წერს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს ტოპ-5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:

1) ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%;
2) ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%;
3) ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%;
4) ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%;
5) კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%.

სრული სია თუ რა გაიტანა 2022 წელს საქართველომ რუსეთში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სტატისტიკა იმის თაობაზე თუ რამდენი სანქცირებული ტვირთის ტრანზიტი აღკვეთა საქართველომ გამოქვეყნებული არაა.  BMG აღნიშნულის გარკვევას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები