პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, ISET-ის, Pwc -ის მონაწილეობით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA)მომზადდა, რომლის პრეზენტაცია დღეს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2017 წლიდან, მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოები გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილებისას იბეგრებიან.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა ბოლო დროის ინიციატივებს შორის.
აქვე აღინიშნა, რომ რეფორმის წმინდა ეფექტის განსაზღვრა კვლავ გამოწვევაა, რადგან ინდივიდუალური ფირმების დონეზე ჩაშლილი მონაცემები არ არის სრულყოფილი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. „რეინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 2 ჯერ მეტი 657.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გაიზარდა 2018 წელსაც“ - განაცხადა კოვზანაძემ.
როგორც კოვზანაძემ აღნიშნა: მიუხედავად დადებითი ტენდეციებისა, მოკლევადიან პერიოდში, რეფორმის შედეგების წმინდა ეფექტის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ე.წ. „ესტონური მოდელის“ ამოქმედებიდან გასულია მხოლოდ 2 წელი. შესაბამისად, მოგების გადასახადის რეფორმის რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება შუალედური დასკვნაა და სამომავლოდ გზამკვლევი იქნება რეფორმის შემდგომი ეფექტიანობის ანალიზისთვის.
პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესმენები და ეკონომისტები ესწრებოდნენ.