ირაკლი ქარსელაძე “ოცნების” მთავრობიდან მიდის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქარსელაძემ მას თანამდებობიდან წასვლის თხოვნით გუშინ მიმართა. მიზეზი ბრიფინგზე არც კობახიძეს და არც თავად ქარსელაძეს არ დაუსახელებია.
„მინდა საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. მინდა ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა“, - განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ქარსელაძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაყოფის შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა ჩაებარებინა. ის 19 აპრილის ბრძანებით ამ თანამდებობაზე უკვე იყო დანიშნული. მანამდე კი, ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, ქარსელაძის შემცვლელად რევაზ სოხაძე დაინიშნა.




























