ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის განცხადებით ბიზნეს რეესტრს მიმართა. ანალოგიური განცხადებები წარადგინეს გიორგი კალანდარიშვილმა, დავით შონიამ და გიორგი ბახტაძემ, რომლებიც ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში იყვნენ - ინფორმაცია თავდაპირველად "ნეტგაზეთმა" გაავრცელა.
ამასთან, ირაკლი რუხაძე დღემდე არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "Postv"-ის სანქციები დაუწესა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "ტელეიმედის" მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა, მეორე 50%-ის მფლობელები კი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არსებული პირები - მარიამ ლომიძე (10%); ვასილ კალანდარიშვილი (10%); ირაკლი ჩიხლაძე (10%); ნათია სონღულაშვილი (10%) და მაია ჩიგოშვილი (10%).
თუმცა, არხის მფლობელობიდან გასვლის მიუხედავად, ირაკლი რუხაძე და სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები ბიზნეს რეესტრის თანახმად დღემდე პოზიციებს ინარჩუნებდნენ ტელეკომპანიის საბჭოში. მათი გასვლის შემდეგ საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი - მარიამ ლომიძე რჩება.
ტელევიზიას 2025 წელს 45 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი ჰქონდა, მისი ვალდებულებები 459 მილიონ ლარს, დაგროვილი ზარალი კი 454 მილიონ ლარს შეადგენს.




























