მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანელი დილერები ავტომობილებს ძირითადად ფიზიკური პირებისგან ყიდულობენ" - რატომ გააქტიურდა ირანში ავტოექსპორტი?

ავტომობილების რეექსპორტი

ავტოიმპორტიორების ნაწილი საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრ ზრდას ადგილობრივი მთავრობის მიერ განბაჟების შეღავათიანი პირობების შემოღებას უკავშირებს.

საქმე ისაა, რომ თუკი 2025 წლის პირველ ნახევარში ირანში საქართველოდან რეექსპორტზე დაახლოებით მხოლოდ 110 ათასი დოლარის ღირებულების 5 ავტომობილი იყო გასული, წელს 6 თვეში ამ ბაზარზე 89.3 მლნ დოლარის ღირებულების 5086 ავტომობილი გაიყიდა.

როგორც კომპანია Carmark-ის დირექტორმა BMG-ს განუცხადა, ირანის მთავრობამ ომის დაწყების შემდეგ ახალი წესი შემოიღო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული ავტომობილი არ განაბაჟოს, რამაც ირანელი დილერების მხრიდან მათ შორის საქართველოს ავტობაზრისადმი დაინტერესება მკვეთრად გაზარდა.

როგორც ირაკლი კუხიანიძე აცხადებს, ირანელი დილერები საქართველოში ავტომობილებს ძირითადად ფიზიკური პირებისგან ყიდულობენ და დაინტერესება მეტწილად შედარებით ძველ, 2016-2022 წლების ავტომობილებზეა.

თუმცა მისივე თქმით, ამ ბაზარზე გრძელვადიანი გათვლები ვერ გაკეთდება, რადგან ირანის მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათიანი რეჟიმი დროებითია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს ბაზარი ქართული ავტოინდუსტრიისთვის კვლავ მიუწვდომელი გახდეს.

“რაც ირანში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა, ირანის მთავრობამ შეღავათიანი პირობები შემოიღო იმპორტირებული ავტომობილების განბაჟებაზე. შესაბამისად, ირანელი დილერები და ფიზიკური პირები დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და დიდი ოდენობით ავტომობილები გაჰყავთ. პროცენტულად სტატისტიკაში ეს ძალიან დიდი ციფრი ჩანს ზრდაში, რადგან აქამდე ირანში ფიზიკურად ავტომობილები არ გადიოდა, შეიძლება წელიწადში სულ 3-4 მანქანა გასულიყო და ახლა 5000 ავტომობილი 2 თვეში ძალიან დიდ რაოდენობად გამოჩნდა.

რაც შეეხება თვითონ გაყიდვებს, ძირითადად ამ ავტომობილებს ყიდულობენ ფიზიკური პირებისგან. ქალაქში დადიან ირანელები, როგორც დილერები, ასევე ფიზიკური პირები, მათ შორის სახელოსნოებში და მოსახლეობას სთავაზობენ ავტომობილის შესყიდვას. ასევე myauto.ge-ზე განთავსებულ განცხადებებზე ურეკავენ ფიზიკურ პირებს. ძირითადად ეს შესყიდვები არის ფიზიკური პირებისგან და არა დილერებისგან, რადგან დილერებს არ ჰყავთ ის ავტომობილები, რომლებიც ირანელებს მოსწონთ. ასევე ყველა ავტომობილი არ გაჰყავთ, რაღაც მონაცემები აქვთ და იმის მიხედვით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, ამერიკული წარმოების ავტომობილები ვერ გაჰყავთ.

ჩვენ ვერანაირად ვერ ვაკეთებთ გათვლას ირანულ ბაზარზე, რადგან ვიცით რომ ეს დროებითი არის. დროებით მიღებული არის ეს კანონი, ანუ არავინ არ იცის, როდის დამთავრდება, ასე რომ ბიზნესის გათვლა ამ ბაზარზე არ შეიძლება. დილერებმა რომ დაიწყონ ახლა ავტომობილების შეძენა ირანული ბაზრის გათვლაზე, რომ ჩამოვიდეს ეს ავტომობილები საქართველოში და გამზადდეს გასაყიდად, უკვე შეიძლება ეს ბაზარი დახურული იყოს. აქედან გამომდინარე, ბიზნესი ამაზე გათვლას ვერ გააკეთებს”, - განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები