ირანის ელჩი გაეროში ამირ-საეიდ ირავანი ამბობს, რომ არასდროს შეწყვეტენ ურანის გამდიდრებას. ელჩის თქმით, ბირთვული პროგრამის განხორციელება მათი ფუნდამენტური უფლებაა და აპირებენ ამ უფლებით სარგებლობას. რაც შეეხება აშშ-თან მოლაპარაკებებს, ამირ-საეიდ ირავანის ამბობს, რომ ირანი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა "უპირობო დანებება მოლაპარაკება არ არის".
"ირანი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მაგრამ ამ აგრესიის შემდეგ ახალი რაუნდის დასაწყებად შესაბამისი პირობები არ არის", - თქვა მან CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და დაამატა, რომ ირანის პრეზიდენტს ჯერჯერობით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თხოვნა არ მიუღია.
გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ირანს შეუძლია რამდენიმე თვეში გააგრძელოს გამდიდრებული ურანის წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ მის ბირთვულ ობიექტებს სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულმა ბოლო საჰაერო დარტყმებმა.
13 ივნისს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად მოკლული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა 21-დან 22 ივნისის იერიში მიიტანეს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ დაადასტურა, რომ აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად ბირთვულ ობიექტები მნიშვნელოვნად დაზიანდა.



























