ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის წერილობით განცხადებაში, რომელიც შაბათს გავრცელდა, ნათქვამია, რომ მისი წინამორბედისა და მამის გარდაცვალებისთვის შურისძიება გარდაუვალია, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ეს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ირანზე, არამედ "თავისუფალ ადამიანებზე მთელ მსოფლიოში".
უზენაესი ლიდერის პირველ საჯარო გზავნილში მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მისი მამის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიები დაიწყო, აღნიშნულია, რომ შურისძიება არის "ერის მოთხოვნა" და ის "აუცილებლად" უნდა განხორციელდეს. განცხადება სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით წაიკითხეს.
აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ომის დასაწყისში განხორციელებული აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.
მოჯთაბა ხამენეი, რომელმაც ინფორმირებული წყაროების ცნობით, საჰაერო იერიშის დროს სახის დაზიანება და სხვა ტრავმები მიიღო, ირანელებს საზოგადოებრივ სივრცეში მას შემდეგ არ უნახავთ, რაც ის 8 მარტს უზენაეს ლიდერად დაინიშნა.
"ვიქნებით ჩვენ იქ თუ არა, ეს მაინც აღსრულდება და მალე ყველა თავისუფალი ადამიანი მთელ მსოფლიოში შეასრულებს ამ ღვთაებრივი მისიის თავის წილს", - ნათქვამია განცხადებაში.
მოჯთაბა ხამენეის საჯარო სივრცეში არყოფნა - საჰაერო იერიშის შემდეგ მისი არცერთი ფოტო, ვიდეო თუ აუდიოჩანაწერი არ გამოქვეყნებულა - ირანში გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის. ზოგიერთი ირანელი მიიჩნევს, რომ ახალი ლიდერი საზოგადოებამ უნდა დაინახოს, თუნდაც ის დაშავებული იყოს.
ის უზენაესი ლიდერი გავლენიანი "რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მხარდაჭერით გახდა.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ქვეყანას 37 წლის განმავლობაში მართავდა, პარასკევს ქვეყნის ყველაზე წმინდა სალოცავში დაკრძალეს, მას შემდეგ, რაც სამგლოვიარო ცერემონიალს ათასობით ადამიანი დაესწრო.




























