ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაგერ გალიბაფმა პარასკევს განაცხადა, რომ ირანის პორტებზე აშშ-ის ბლოკადის ფონზე, ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაიკეტება.
"ბლოკადის გაგრძელების პირობებში, ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება", - დაწერა გალიბაფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე და დასძინა, რომ სრუტეში გავლა "მხოლოდ დადგენილი მარშრუტის საფუძველზე და ირანის ნებართვით განხორციელდება".
"სრუტე ღია იქნება თუ დაკეტილი, და რა წესები იმოქმედებს მასზე, ამას რეალური ვითარება გადაწყვეტს და არა სოციალური მედია", - დასძინა მან.
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის თანახმად, ჰორმუზის სრუტე "ღია იყო ბიზნესისთვის", თუმცა აშშ-ის ბლოკადა ძალაში დარჩებოდა.
ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეტყობინება, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყო "ყველა კომერციული გემისთვის... ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში".
ამ ამბებზე საფონდო ბირჟამ ზრდით უპასუხა, ხოლო ნავთობის ფასები 12%-ით დაეცა.
თუმცა, ირანულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars-მა არაღჩის პოსტი ეჭვქვეშ დააყენა და მას "ჰორმუზის სრუტის გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი ტვიტი" უწოდა; სააგენტოს შეფასებით, "ტრამპის ნერვული მუქარების შემდეგ, ირანული საზოგადოება დაბნეულობაში აღმოჩნდა".
ტრამპმა თავისი განცხადებები Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტების სერიით გააკეთა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს რამდენიმე სატელეფონო ინტერვიუ მისცა. Bloomberg-თან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის "შეუზღუდავი" ვადით შეჩერებას დათანხმდა, თუმცა ირანულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია.
Truth Social-ის ერთ-ერთ პოსტში ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანი დათანხმდა თავისი "ბირთვული მტვრის" გადაცემას, რითაც, სავარაუდოდ, გამდიდრებულ ურანს გულისხმობდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს და დასძინა: "რაც იყო, იყო - საკმარისია".




























