მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა - საამიროების თავდაცვის უწყების განცხადება

uae არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ირანის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან თავდასხმას გამოეხმაურა.

უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა საფრთხის ნაწილი მაღალი ეფექტიანობით გაანეიტრალეს და რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი ფაქტიც, რაც დედაქალაქ აბუ-დაბის საცხოვრებელ რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნას მოჰყვა. საუბარია აზიური წარმოშობის ერთ მშვიდობიან მოქალაქეზე. არსებული ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა სტაბილურია და სრულად კონტროლდება.

განცხადებაში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მკაცრად დაგმო სამოქალაქო ობიექტებისა და ეროვნული ინსტიტუტების მიზანში ამოღება და მას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ლაჩრული საქციელი უწოდა. სახელმწიფო უწყებების განცხადებით, მსგავსი თავდასხმა საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა. ქვეყანა სრულად იტოვებს უფლებას, ირანულ შეტევას სათანადოდ უპასუხოს და საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ყველა საჭირო ზომა მიიღოს. გამოქვეყნებულ ტექსტში სამინისტრომ მოსახლეობას დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისა და გადამოწმებული წყაროების ნდობისკენაც მოუწოდა.

განმარტებისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, კერძოდ აბუ-დაბიში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე დღეს ირანმა სარაკეტო შეტევა მიიტანა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ დარტყმებისას მომხდარმა გაუთვალისწინებელმა ფაქტმა შეიწირა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. შეგახსენებთ, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან მალევე თეირანმა მათ ბაზებზე საპასუხო იერიშები მიიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები