ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში მოქმედი 18 ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის Nvidia, Apple, Microsoft და Google, პოტენციურ სამიზნეებად გამოაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი მათზე თავდასხმას აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშების საპასუხო ზომად განიხილავს.
IRGC-ის განცხადებით, თავდასხმები თეირანის დროით პირველი აპრილის 20:00 საათიდან დაიწყება, რის გამოც ორგანიზაცია კორპორაციების თანამშრომლებს სამუშაო ადგილების სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ სამიზნეების სიაში ასევე მოხვდნენ Cisco, Intel-ი, Tesla და Boeing-ი, რაც რეგიონში დასავლური ბიზნესის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
ირანის მხრიდან აგრესიული რიტორიკის გამწვავება პირდაპირ კავშირშია ამერიკული ტექნოლოგიური სექტორის მიერ ახლო აღმოსავლეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში განხორციელებულ მასშტაბურ ინვესტიციებთან. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში დასავლური ფირმები რეგიონში არსებული იაფი ენერგიითა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით სარგებლობდნენ. მათი რეგიონში შესვლა კი თეირანის მხრიდან სტრატეგიულ საფრთხედ აღიქმებოდა. IRGC-ს განცხადების ფონზე Intel-ის წარმომადგენლობა საგანგებო რეჟიმზე უკვე გადავიდა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალურ ზომებს მიმართა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური ინსტიტუტები, მათ შორის JP Morgan-ი და Google-ი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა რეგიონში მომუშავე პერსონალის ევაკუაციას აქტიურად განიხილავენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ირანმა Amazon-ის (AWS) მონაცემთა დამუშავების ცენტრებზე იერიში უკვე განახორციელა. ამ დარტყმამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ციფრული სერვისებისა და აპლიკაციების მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, ირანული მხარის სტრატეგია ყოველ სამხედრო თუ პოლიტიკურ დარტყმაზე თითო ამერიკული კომპანიის „განადგურებას“ ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ბოლო წლებში ტექნოლოგიური გიგანტების მიერ რეგიონში დაბანდებული კაპიტალი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს აღწევს.




























