თავდაცვის ინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა, Rheinmetall-მა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის ფონზე მათ ქარხნებში რაკეტების წარმოება მნიშვნელოვნად გაფართოვდება. კომპანიის განმარტებით, რეგიონში არსებულმა კონფლიქტმა დაადასტურა, რომ მათ მიერ არჩეული სტრატეგია, მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდონ დამკვეთებს სამხედრო პროდუქცია, თავიდანვე სწორი იყო.
როგორც ირკვევა, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომპანია გერმანიაში ახალი საწარმოო ობიექტების სრული დატვირთვის ამუშავებას გეგმავს. ამ მხრივ მაგალითად სახელდება Unterluess-ის ქარხანა, რომლის მშენებლობაც 2027 წლის პირველ კვარტალში დასრულდება და ის პირველივე დღიდან დაიწყებს დაკვეთების დაჩქარებული ტემპით შესრულებას. გარდა ამისა, Rheinmetall-ი გააფართოებს ესპანეთში, ბურგოსის საწარმოსაც. როგორც გერმანულ გიგანტში აცხადებენ, ეს ნაბიჯები მიზნად დასავლურ სამყაროში არსებული შეზღუდული საწარმოო რესურსების შევსებას ისახავს.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა თავდაცვითი ინდუსტრიების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა გააჩინა. მათ შორის, გერმანულ Rheinmetall-ზეც, რომელიც ამჟამად სტრატეგიულ პრიორიტეტად მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებას ისახავს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დასავლურმა კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, კრიტიკულად მნიშვნელოვან შეიარაღებაზე დეფიციტი არ გაჩნდეს, რადგან ეს თანამედროვე ომებში წარმატების მიღწევისთვის გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.




























