ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 13 ოქტომბერს კვლავ გაიზარდა და 2022 წლის დეკემბრის შემდეგ დაფიქსირებულ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
ევროპული ბაზრის მთავარი ორიენტირის, ნიდერლანდური TTF-ის ფიუჩერსების ღირებულება დილის ვაჭრობაზე 2%-ზე მეტით გაიზარდა და ერთ მეგავატ-საათზე €86-ს გადაცდა.
როგორც ირკვევა, ბირჟაზე ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება მომავალი ზამთრის წინ არსებულმა გაურკვევლობამ და ევროპის მასშტაბით ტემპერატურის მოსალოდნელმა კლებამ განაპირობა.
ფასებზე ზეწოლას ზრდის ის ფაქტიც, რომ ევროპის გაზის საცავებში არსებული მარაგები წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა.
ენერგეტიკულ სექტორში ვითარება ახლო აღმოსავლეთში თებერვლის ბოლოს დაწყებულმა ომმაც გაართულა. დაპირისპირებამ სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემების გადაადგილების მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია და LNG-ს ტრანსპორტირება სრულად შეზღუდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში TTF-ის საორიენტაციო ფასი ერთ მეგავატ-საათზე მხოლოდ €32-ს შეადგენდა.
























