ნორვეგიული კვლევითი ორგანიზაცია Rystad Energy-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა $34 მილიარდიდან $58 მილიარდამდე ღირებულების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა. ორგანიზაცია ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე 80-ზე მეტი ენერგოობიექტი თავდასხმების სამიზნე გახდა. აღსანიშნავია, რომ ბიროლის მიერ დასახელებული ობიექტების მესამედზე მეტი სერიოზულად არის დაზიანებული.
როგორც ირკვევა, საომარმა მოქმედებებმა განსაკუთრებით ირანის ენერგოსექტორი დააზარალა, სადაც სარეაბილიტაციო ხარჯებმა შესაძლოა $19 მილიარდს მიაღწიოს. რაც შეეხება თავად ირანის შეტევების მიერ დაზარალებულ ქვეყნებს, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას. QatarEnergy-ის ინფორმაციით, დაზიანებული ობიექტების აღდგენას ხუთი წელი დასჭირდება. ქვეყანაში შიშობენ, რომ საწარმოო ხაზების მწყობრიდან გამოსვლა ქვეყანას $20 მილიარდის ოდენობის შემოსავლის გარეშე დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის ფარგლებში თავდასხმები საუდის არაბეთის, ქუვეითისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებზეც განხორციელდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაზიანების მასშტაბები ზოგიერთ ობიექტზე ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. საბოლოო ხარჯები კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სტრუქტურული იქნება ინფრასტრუქტურის დაზიანება.
ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა ირანში საომარი მოქმედებები 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. ვითარება კი 18 მარტს, მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელმა სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის კომპლექსი დაბომბა.




























