მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის პარლამენტის სპიკერი ტრამპს ბლოკადის გამო დასცინის და ამერიკელებს საწვავის გაძვირებით ემუქრება

გალიბაფი

ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაგერ გალიბაფმა დასცინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას ჰორმუზის სრუტეში გემების ბლოკირების შესახებ და თეთრ სახლს შეერთებულ შტატებში საწვავზე ფასების ზრდა შეახსენა.

მან სოციალურ ქსელში თეთრი სახლის მახლობლად ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ამჟამინდელი ფასების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და ამერიკელები გააფრთხილა, რომ მალე ეს ფასები "მოენატრებათ".

ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის სამხედრო უწყებამ გამოაცხადა, რომ დღეიდან ირანის პორტებისკენ მიმავალი საზღვაო ტრანსპორტის სრულ ბლოკადას იწყებს.

"დატკბით ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული ამჟამინდელი ციფრებით. ე.წ. ბლოკადის პირობებში, მალე 4-5-დოლარიან საწვავზე ნოსტალგია შემოგაწვებათ", - დაწერა გალიბაფმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ფლოტი ჰორმუზის სრუტეში შემავალი და გამომავალი გემების ბლოკირებას დაუყოვნებლივ დაიწყებდა მას შემდეგ, რაც პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ტრამპის მიერ ირანის პორტების ბლოკირების ბრძანების გაცემის შემდეგ, ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის დაწყებიდან მალევე, მაისში მისაწოდებელი ამერიკული West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და 104.50 დოლარი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ეტალონური მარკის, Brent-ის ივნისის მიწოდების ფასმა 7%-ით მოიმატა და 102 დოლარს მიაღწია.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ორშაბათს, ირანის დროით 17:30 საათიდან ირანის ყველა პორტს დაბლოკავს.

CENTCOM-ის ცნობით, ბლოკადა "მიუკერძოებლად გატარდება ნებისმიერი ქვეყნის ხომალდის წინააღმდეგ, რომელიც შედის ან ტოვებს ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებს, მათ შორის, არაბეთისა და ომანის ყურეებში მდებარე ყველა ირანულ პორტს".

ამასთან, უწყების განმარტებით, ის გემები, რომლებიც არაირანულ პორტებს შორის გადაადგილდებიან, ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტულად გავლას კვლავ შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები