ირანის პარლამენტმა მოსკოვსა და თეირანს შორის 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დაამტკიცა. შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, გაღრმავების წინაპირობაა - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელი ჯერ კიდევ იანვარში მოაწერეს. რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ კი პაქტი აპრილში დაადასტურა.
ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი თავდაცვის პირობას არ შეიცავს, თუმცა აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა ერთად იბრძოლებს საერთო სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ, გააძლიერებენ სამცედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და მონაწილეობას მიიღებენ საერთო წვრთნებში.
სტრატეგიული პარტნიორობა ასევე არაერთ პუნქტს მოიცავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების შესახებ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირები გაძლიერდა. დასავლეთი ირანს რუსეთის რაკეტებითა და დრონებით მომარაგებაში ადანაშაულებს, რასაც თეირანი უარყოფს.
გასულ კვირას ირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც შევიდა ძალაში, რაც რუსეთსა და ირანს შორის სავაჭრო ტარიფებს ამცირებს.




























