ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აზერბაიჯანში ჩავა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტოს Trend-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3-4 ივლისს იგეგმება. ფეზეშქიანი მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობი ორგანიზაციის (ECO) წლიურ სამიტში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად მიიწვია ირანის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
ისრაელთან დაპირისპირების შემდეგ, ეს ირანის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება აზერბაიჯანში.
13 ივნისს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად მოკლული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა 21-დან 22 ივნისის იერიში მიიტანეს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ დაადასტურა, რომ აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად ბირთვულ ობიექტები მნიშვნელოვნად დაზიანდა. 24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა და მხარეებს სთხოვა დაეცვათ ეს რეჟიმი.



























