ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-თან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოფიციალური თეირანი მზად იქნება, მაღალგამდიდრებულ ურანზე უარი თქვას და ის ოფიციალურად დათმოს.
ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა ისლამური რესპუბლიკა ვაშინგტონთან გარიგების სანაცვლოდ 60%-ით გამდიდრებულ ურანზე უარი თქვას, ირანის ლიდერმა თანხმობით უპასუხა. ფეზეშქიანის თქმით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, თეირანი ყველა დაკისრებულ მოთხოვნას შეასრულებს.
ცნობისთვის, 60%-მდე გამდიდრებული ურანი მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ის იარაღის შესაქმნელად საჭირო 90%-იან ნიშნულს საკმაოდ უახლოვდება. ინფორმაციისთვის, თეირანმა ურანის გამდიდრების პროცესი 2018 წელს, ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ გაააქტიურა.
























