ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აბას არაღჩი რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ვიზიტი იმ დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც აშშ-ირანს შორის მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
აბას არაღჩის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები, რაც თეირანსა და მოსკოვს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. დიპლომატის თქმით, პრეზიდენტ პუტინთან საუბარი საომარი მოქმედებების განვითარებისა და არსებული ვითარების განხილვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. რუსეთში გაფრენამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა ომანში, ქვეყნის ოფიციალურ პირებთანაც გამართა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არაღჩის მიერ დიპლომატიური ვიზიტების დაწყებას წინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისლამაბადში დაგეგმილი მოლაპარაკებების გააუქმება უძღოდა. მაშინ თეთრი სახლის გადაწყვეტილება ირანის ხელმძღვანელობაში არსებულმა შიდა დაპირისპირებამ და გაურკვევლობამ გამოიწვია. ტრამპის გუნდში ამტკიცებდნენ, რომ თეირანში საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბება ვერ ახერხებდნენ. თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან ბლოკადის პირობებში არ დაბრუნდება.
ანალიტიკოსებს უჭირთ იმის თქმა, თუ რა როლი ექნება რუსეთს მიმდინარე პროცესებში და ჩაერთვება თუ არა თავად პუტინი მიმდინარე მოლაპარაკებებში. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არაღჩის ვიზიტის რეალური მიზანი კრემლისაგან დამატებითი დახმარების მობილიზებაა, ნაწილი კი ვარაუდობს, რომ არაღჩის ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებებში პუტინის ჩართვის იმედი აქვს.




























