ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, უგონო მდგომარეობაში იმყოფება და ქალაქ ყუმში სერიოზული დაავადების გამო მკურნალობის კურსს გადის.
არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც იგი ქვეყნის მართვას ამ დროისთვის ვერ ახერხებს. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, ლიდერის მდგომარეობა იმ დაზიანებებს უკავშირდება, რომლებიც მან 28 თებერვალს განხორციელებული თავდასხმისას მიიღო. საუბარია აშშ-ისრაელ-ირანის ომის დაწყების პირველივე დღეს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე, რომელსაც მოჯთაბას მამა, აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა.
The Times-ის მონაცემები აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის ანგარიშებს ეყრდნობა და მათზე წვდომა გამოცემამ სპარსეთის ყურის ქვეყნების მეშვეობით მიიღო.
ცნობისთვის, მოჯთაბა ხამენეის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის საჯარო სივრციდან სრულად გაუჩინარდა. დღემდე მისი აქტიურობა მხოლოდ წერილობითი განცხადებებითა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოებით შემოიფარგლება. შექმნილმა ვითარებამ უფრო განამტკიცა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქვეყანაზე დე ფაქტო კონტროლს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახორციელებს.
შეგახსენებთ, მოჯთაბა ხამენეი ირანის ექსპერტთა საბჭომ უზენაეს ლიდერად მამის გარდაცვალების შემდეგ დანიშნა. თუმცა ბოლო ცნობები ირანში ძალაუფლების რეალური განაწილების საკითხს ბუნდოვანს ხდის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალური თეირანი დასავლურ ცნობებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ რიგით მე-3 უზენაესი ლიდერი ქვეყანას არჩევის დღიდან შეუფერხებლად მართავს.




























