მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა ამერიკული კომპანიის დახმარებით $2.8 მილიარდის სანქცირებული ნავთობი გაყიდა

ირანული ნავთობი

ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფოა, რომელსაც ვაშინგტონის მხრიდან აკრძალული აქვს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაყიდვა. ყველა ის კომპანია თუ სუბიექტი, რომელიც ირანთან ივაჭრებს, ავტომატურად ხვდება სანქცირებულთა სიაში, ამიტომ ირანული ნავთობის ყიდვას უმრავლესობა ერიდება, თუმცა არა ყველა.

The New York Times-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ირანმა საერთაშორისო ბაზარზე 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობის გაყიდვა მოახერხა და ამ ტრანზაქციებში უშუალოდ იყო ჩართული ნიუ-იორკში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია American Club-ი, რომელიც ირანული ნავთობით დატვირთულ ტანკერებს აზღვევდა.

საერთო ჯამში, საუბარია 27 ტანკერის დაზღვევაზე და მათი მეშვეობით 59 საერთაშორისო რეისის განხორციელებაზე. როგორც გამოძიებიდან ჩანს, ტანკერები მიზანმიმართულად ირჩევდნენ დამაბნეველ მარშრუტებს და პორტებში თავის დასაძვრენად ტვირთის შენიღბვის ტაქტიკას მიმართავდნენ.

როგორც American Club-ის ხელმძღვანელობა ამბობს, მათ არ ჰქონდათ იმის შესახებ ინფორმაცია, რომ მათ მიერ დაზღვეული ტანკერებით სანქცირებული ნავთობის გადაზიდვა ხორციელდებოდა. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ნავთობის წარმოშობის მონიტორინგი თავად აშშ-ის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რადგან კერძო კომპანიას ამისათვის არც საჭირო რესურსები აქვს და არც ვალდებულება.

New York Times-ის სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ზემოხსენებული კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები