ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” 29 გადამზიდი და მათთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა. როგორც ოფიციალურ უწყებაში განმარტეს, ტანკერების გამოყენებით ოფიციალური თეირანი სანქცირებულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს მოკავშირე სახელმწიფოებს აწვდიდა. აღსანიშნავია, რომ ფინანსური შეზღუდვების ქვეშ მოქცეული ხომალდების უმრავლესობას ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, მათი მფლობელი კომპანიების მიერ შევსებული დოკუმენტები კი საეჭვოდ იყო შედგენილი. მეტიც, მათ სადაზღვევო მომსახურებას მაღალი რეპუტაციის მქონე არცერთი კომპანია არ უწევდა. შტატების სახაზინო დეპარტამენტი “ირანულ კვალზე” სწორედ ამ მონაცემების დეტალურად მოკვლევამ გაიყვანა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, დასანქცირებული გემებით ოფიციალური თეირანი ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს იღებდა და საკუთარ სამხედრო ინდუსტრიას, ასევე მოკავშირე ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებდა. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდა ეგვიპტელი ბიზნესმენი, ჰათემ საქრი, რომელიც დასახელებული 29 ხომალდიდან 7-ს ფლობდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა გადაწყვეტილება ორი ძირითადი მიზეზით მიიღო. აქედან ერთი არის ის, რომ წლის განმავლობაში გამართული 5 ბირთვული მოლაპარაკების მიუხედავად, თეირანმა პოზიციების დათმობის და ატომური პროექტების სრულად დასრულების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეორე მიზეზად კი სახელდება ვენესუელას სიახლოვეს ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ ტანკერ Skipper-ის დაკავება, რომელსაც სანქცირებული ირანული ნავთობი კარაკასისთვის უნდა მიეწოდება. განმარტებისთვის, მართალია, ვენესუელა ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს მარაგს ფლობს, თუმცა მისი დამუშავების ტექნოლოგიას მხოლოდ ამერიკული ნავთობ-გიგანტები, Chevron-ი და Exxon-ი ფლობენ, შესაბამისად, ვენესუელას ჩვეულებრივი ნავთობის შესყიდვა უცხო ქვეყნებისაგან უწევს.




























