თეირანმა დუბაის მახლობლად იერიში მიიტანა ნედლი ნავთობით სრულად დატვირთულ ტანკერზე და მას ცეცხლი წაუკიდა. თავდასხმას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა, რომლის თანახმადაც, აშშ გაანადგურებს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებს, თუ ის სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება და ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის.
დუბაის ხელისუფლების განცხადებით, ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Al-Salmi-ზე გაჩენილი ხანძარი (რომელიც დრონით თავდასხმას მოჰყვა) კონტროლს ექვემდებარება, ნავთობის გაჟონვა არ მომხდარა და ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა. გემის მფლობელის, Kuwait Petroleum Corp-ის ცნობით, დაზიანდა ტანკერის კორპუსი.
28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სრუტეში სავაჭრო გემებზე განხორციელებული ბოლო თავდასხმაა.
LSEG-ის (ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი) მონაცემებით, გემი ჩინეთში, ცინგდაოში მიემართებოდა. მონიტორინგის სამსახურ TankerTrackers.com-ის თანახმად, მას 1.2 მილიონი ბარელი საუდის არაბეთის ნედლი ნავთობი და 800,000 ბარელი ქუვეითური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.
შესაძლოა, Al-Salmi თავდასხმის რეალური სამიზნე არ ყოფილა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ისრაელთან კავშირის გამო საკონტეინერო გემს დაესხნენ თავს. როგორც ჩანს, ისინი გულისხმობდნენ სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ გემ Haiphong Express-ს, რომელიც, გადაზიდვების მონაცემების მიხედვით, Al-Salmi-ს გვერდით იყო ღუზაზე დამდგარი.




























