ირანმა ფოლადის ფილებისა და ფურცლების ექსპორტი 30 მაისამდე აკრძალა - ამის შესახებ სახელმწიფო მედია დამატებითი დეტალების დასახელების გარეშე იუწყება. ექსპორტის შეჩერება უკავშირდება იმას, რომ აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის დროს ირანის ფოლადის ინდუსტრია ავიადარტყმების სამიზნე გახდა.
როგორც გაზეთი Etemad-ი კვირას წერდა, საკვანძო ობიექტების დაზიანების გამო, ირანის ფოლადის წარმოების წლიური სიმძლავრის დაახლოებით 10 მილიონი ტონა (რაც მთლიანი მოცულობის 25-30%-ია) მწყობრიდან გამოვიდა. ომის დროს დაზარალდნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა Mobarakeh Steel Company და Khuzestan Steel Company.
გამოცემის ცნობით, წარმოების შეფერხებამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა სამშენებლო, საავტომობილო და ინფრასტრუქტურულ ინდუსტრიებს.
ირანი, თურქეთთან ერთად, საქართველოში ნახშირბადიანი ფოლადის წნულების (არმატურის) ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. მიმდინარე წლის პირველ კავრტალში საქართველომ ირანისგან 4.9 მლნ აშშ დოლარის არმატურა იყიდა.
ფოლადის TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ირანისგან ყიდულობს:
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) - 4.05 მლნ აშშ დოლარი, 7 255.8 ტონა;
- ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში - 3.6 მლნ აშშ დოლარი, 6 188.1 ტონა;
- კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 3.2 მლნ აშშ დოლარი, 5 834.7 ტონა;
- წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან (ბუხტებად) - 2.9 მლნ აშშ დოლარი, 6 014.2 ტონა;
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2.5 მლნ აშშ დოლარი, 4 597.8 ტონა;
ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ ფოლადის ფურცლების ბაზარი, სავარაუდოდ, ორ თვეში დასტაბილურდება, რადგან დეფიციტს იმპორტი შეავსებს და სპეკულაციურ მოთხოვნას შეაკავებს.
ფოლადი ირანის არასანავთობო ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. Etemad-ის შეფასებით, წარმოებისა და საექსპორტო შესაძლებლობების დაკარგვა ქვეყნის სავაჭრო ბალანსსა და უცხოური ვალუტით მიღებულ შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება. ამასთან, ჩნდება რისკი, რომ ირანმა გლობალურ ფოლადის ბაზარზე თავისი წილი დაკარგოს.
პროგნოზის მიხედვით, ინფრასტრუქტურულ ზარალს უფრო ფართო ეკონომიკური შედეგები ექნება, რაც პოტენციურად სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ინფლაციაზე აღმავალ წნეხში გამოიხატება.




























