საუდის არაბეთის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ ალ-ჯუბაილში მდებარე მსოფლიოს უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამის მიზეზი ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევა გახდა.
იმის მიუხედავად, რომ სამეფომ შვიდი ბალისტიკური რაკეტის მოგერიება შეძლო, ალ-ჯუბაილის სრულად დაცვა ვერ მოხერხდა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიახლოვეს სულ მცირე ერთი რაკეტა მაინც აფეთქდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია და ხელისუფლებას მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია და საწარმოო პროცესის შეჩერება აიძულა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავდასხმა, რომელზეც საუდის არაბეთი ხელს ირანს ადებს, პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური ენერგოუსაფრთხოების არქიტექტურას.
ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ინდუსტრიულ ზონაში გაჩენილი ძლიერი დაკვამლიანების ლიკვიდაციას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ ცეცხლის გავრცელება ნავთობისა და გაზის საცავებზე. ამჟამად, მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა დაზუსტებული არ არის.
ალ-ჯუბაილის ინდუსტრიული ქალაქი საუდის არაბეთის ეკონომიკის ხერხემლად ითვლება. ის წლიური მშპ-ის 7-12%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპლექსზე სამეფოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 50% მოდის. აქ ფუნქციონირებენ საუდის არაბეთის ნავთობქიმიური კორპორაციის მფლობელობაში არსებული ქარხნები, რომლებიც გლობალური ნავთობქიმიკატების 7%-ს აწარმოებენ. ქალაქი იანბუსთან ერთად საუდის არაბეთის არასამთო ექსპორტის 85%-ს აგენერირებს, რაც ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში გლობალური მასშტაბის ეკონომიკურ საფრთხეს ქმნის. 1975 წელს დაარსებული კომპლექსი, რომელიც 1016 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მეფე ფაჰდის ინდუსტრიულ პორტთან არის დაკავშირებული. აღნიშნული პორტის წლიური გამტარუნარიანობა კი 70 მილიონ ტონას შეადგენს.




























