მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანს ჰორმუზის სრუტე, ფაქტობრივად, ტყვედ ჰყავს აყვანილი - TBC Capital-ის ანალიტიკოსი

რატი წიკლაური

"თიბისი კაპიტალის" უფროსი ანალიტიკოსი რატი წიკლაური მიიჩნევს, რომ ირანში ერთი თვის წინ დაწყებული ომი უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მოვლენად იქცა.

როგორც მან "საქმიან დილის" "თიბისი კაპიტალის" "თვის მაკროდაიჯესტის" რუბრიკაში საუბრისას განაცხადა, მთავარი გამოწვევა ახლა არა მხოლოდ ირანის შიდა პოლიტიკური მომავალი, არამედ ჰორმუზის სრუტე და ის ენერგეტიკული ვითარებაა, რომელმაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად გაზარდა.

"ირანში მიმდინარე ომი, რომლის დაწყებიდანაც დღეს თუ ხვალ ზუსტად ერთი თვე სრულდება, გასული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური თემაა. ამ მოვლენების შეჯამებისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის სიტუაცია ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე, მაგალითად, პირველ კვირებში იყო. ჩვენ ვიხილეთ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან საკმაოდ ძლიერი წარმატება და ისეთი მომენტებიც, რომლებმაც შეიძლება დაგვაფიქრა, რომ ომი ძალიან მალე დასრულდებოდა. იყო საუბარი იმაზეც, რომ ირანის რეჟიმი შეიძლება დამხობილიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

ახლა ომიდან ერთი თვის თავზე, ფაქტობრივად ბევრად მეტი გაურკვევლობაა, ვიდრე მანამდე არსებობდა. სამწუხაროდ, რთულია საუბარი მოვლენების განვითარების გზებზეც. ამჟამად განვიხილავთ იმასაც, რომ შესაძლოა, შეერთებული შტატები ირანის ტერიტორიაზე ქვეითი ჯარების გადასხმას გეგმავდეს. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, განიხილებოდეს ხარგის კუნძულის დაკავება, რომელიც მაყურებელსაც რომ ავუხსნათ, ირანის მთავარ სანავთობო საექსპორტო ტერმინალს წარმოადგენს. ფაქტობრივად, მთელი ნავთობი, რომელიც ირანს ექსპორტზე გააქვს, სწორედ ხარგის კუნძულზე გადის. ეს არის ძალიან პატარა კუნძული ირანის სანაპიროდან 15 კილომეტრში.

სიტუაცია გარკვეულწილად ჩიხში შევიდა, რადგან, ერთი მხრივ, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მეორე მხრივ კი ირანის რეჟიმი ამტკიცებს, რომ არავის ელაპარაკება. ეს საკმაოდ უცნაური ვითარებაა.

ამ ყველაფრის მაკროეკონომიკურ ჭრილში გადატანისას, ბაზრებისთვის ყველაზე არსებით გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი მიუხედავად იმისა, რომ ირანი ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ექსპორტიორია, მისი წილი მსოფლიო მარაგებში განსაკუთრებით დასავლური და აზიური ქვეყნებისთვის, ისეთი კრიტიკული არ არის, როგორიც თავად მარშრუტია. საუბარია ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც ამ მომენტში, ფაქტობრივად, ირანის ტყვედ ჰყავს აყვანილი.

ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიო ნავთობის 20% მოდის, რომელიც 2025 წელს მოვიხმარეთ. ამას ემატება ბუნებრივი აირის, კერძოდ კი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) 20%. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, ერაყი და კატარი, ამ ომში, ფაქტობრივად, ტყვედ არიან ჩავარდნილნი იმ თვალსაზრისით, რომ მათი გემები და ნავთობი სრუტეში თავისუფლად ვთქვათ ვერ გადაადგილდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ირანს ამ სრუტის ჩაკეტვის რეალური შესაძლებლობა აქვს.

ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რატომ აქვს ირანს ეს ბერკეტი და რატომ ვერ ახერხებს, მაგალითად, შეერთებული შტატები ან დასავლური თანამეგობრობა ამ სრუტის გახსნას? საქმე ის არის, რომ ირანს ძალიან მარტივად და იაფად შეუძლია რომელიმე გემის მიმართ მცირე ესკალაციის პროვოცირება. მსგავსი იაფფასიანი თავდასხმაც კი საკმარისი სიგნალია იმისთვის, რომ სატვირთო გემებმა ამ მარშრუტით სარგებლობაზე უარი თქვან. ამ მომენტისთვის ვითარება სწორედ ასეთია და როგორც ვხედავთ, ამ სანავთობო შოკმა ფასები უკვე საგრძნობლად გაზარდა", - განაცხადა წიკლაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები