მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ ძვირდება. Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი 111 დოლარამდეა გაზრდილი, წინა კვირასთან შედარებით ფასი 12%-ით არის მომატებული. ნედლი ნავთობი 98 დოლარამდე გაძვირდა, კვირის ჭრილში ფასი 9%-ით არის გაზრდილი. ასევე 98 დოლარი ღირს WTI [West Texas Intermediate]. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ურალსი 106 დოლარამდეა გაძვირებული.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაიწყო. ირანის მხრიდან ერთ-ერთი საპასუხო ზომა იყო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია. ომამდე ამ სრუტით დღიურად 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა.
ამჟამად, სპარსეთის ყურეში კვლავ უძრავად რჩება 600-ზე მეტი ტანკერი, რომელთა ნახევარიც ნავთობითაა დატვირთული. საუბარია 250 მილიონ ბარელ წიაღისეულ საწვავზე, რაც მსოფლიო მოხმარების 1 კვირის მარაგია.




























