აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჟენევაში დაანონსებულ აშშ-ირანის მოლაპარაკებებს და განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი შეთანხმების მიღწევით იმაზე მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე თავად ამერიკული მხარე, რადგან აიათოლას რეჟიმი ხვდება, რომ შტატების დარტყმებს ის ვერ გაუმკლავდება.
შეგახსენებთ, დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ახლო აღმოსავლეთში აშშ-მა სამხედრო კონტინგენტი მკვეთრად გაზარდა და ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ქვეყანა უმძიმესი შედეგის წინაშე დადგება.
როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი სტრატეგიული ამოცანა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაა, თუმცა მოთხოვნათა შორის უცვლელად რჩება შორი მოქმედების სარაკეტო არსენალის მკვეთრი შემცირება და რეგიონული ტერორისტული ორგანიზაციების, ჰამასის, ჰეზბოლასა და ჰუსიტების დახმარების საბოლოო შეწყვეტა.
არსებული ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ ლიბანიდან, ბეირუთის საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია უკვე განახორციელა, რაც მიუთითებს, რომ ვაშინგტონი დარტყმებს რეგიონში მის ოფიციალურ წარმომადგენლობებზეც მოელის. თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სწრაფი დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, თუმცა ოფიციალური თეირანი ნებისმიერი სამხედრო სცენარისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებს. ქვეყანაში აცხადებენ, რომ მზად არიან, “უპრეცედენტო დათმობებზე წავიდნენ” და გამდიდრებული ურანის მარაგების 50% საზღვარგარეთ გაიტანონ, დანარჩენი კი ისე გააზავონ, რომ მათგან ბირთვული იარაღის შექმნა ვეღარ გახდეს შესაძლებელი. სანაცვლოდ აიათოლას რეჟიმი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოხსნას, ასევე ურანის სამოქალაქო მიზნებისთვის გამდიდრების უფლების შენარჩუნებას ითხოვს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას ამ მხრივ შეუვალი პოზიცია აქვს, რაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაართულებს ჟენევაში, ხუთშაბათს ჩანიშნულ შეხვედრაზე კონფლიქტის დიპლომატიურად გადაჭრის შესაძლებლობას.




























