ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პარასკევს თურქეთის ქალაქ სტამბოლში შეხვდებიან და თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.
არსებული ინფორმაციით, დიპლომატიურ პროცესში რამდენიმე არაბული ქვეყნის წარმომადგენელიც ჩაერთვება. თუ პარასკევის შეხვედრა შედგა, ეს იქნება ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენის პირველი ნიშანი 2025 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა ირანის ატომურ ობიექტებზე შეტევა მიიტანა.
როგორც ირკვევა, უიტკოფსა და არაღჩის შორის მედიაციის პროცესის დაწყებას განსაკუთრებით თურქეთი, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ. სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს სამივე მათგანი მოირგებს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე ოფიციალურმა თეირანმა გამოთქვა სურვილი, ტრამპის ადმინისტრაციასთან ბირთვულ პროგრამაზე მოელაპარაკა. ქვეყნის პირველი დიპლომატის, აბას არაღჩის თქმით, ირანი ატომური იარაღის შექმნაზე უარისთვისაც მზადაა, თუ აშშ ქვეყანას სანქციებს შეუმსუბუქებს. რაც შეეხება სარაკეტო შეიარაღების მოცულობისა და სიმძლავრის შემცირებას, ასევე რეგიონული ე.წ. პროქსი ძალების, მათ შორის, ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დახმარების შეწყვეტას, თეირანი ამ საკითხებზე მოლაპარაკებას გამორიცხავს.
ირანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური პროცესების განახლებას შტატების ლიდერი მიესალმა. დონალდ ტრამპის თქმით, ომის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ აიათოლას ხელისუფლება დათმობაზე წავა და უარს იტყვის შეიარაღების ყველა საშიშ პროგრამაზე, ასევე იმ პარტნიორებზე, რომლებიც რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. ცნობისთვის, აბას არაღჩისთან შეხვედრამდე ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინა-აშშ-ს შორის დაგეგმილ 2-დღიან, სამმხრივ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ტურნეს ფარგლებში ის უკვე იმყოფებოდა ისრაელში, სადაც ღაზას სამშვიდობო შეთანხმების მე-2 პუნქტის განხორციელებაზე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. სტივ უიტკოფი შეხვედრების გამართვას კატარშიც გეგმავს, თუმცა ვიზიტის ოფიციალური მიზანი ჯერჯერობით უცნობია.




























