ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. მომიტინგეებსა და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკებები ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, დემონსტრანტთა შორის დაღუპულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 42-ს. დაკავებულია 2,270 მოქალაქე. ვითარების გამწვავების ფონზე, ირანის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის მიწოდება შეწყვიტა და რიგ ქალაქებში ელექტროენერგიაც გათიშა.
დეკემბრის ბოლოს დაწყებულ პროტესტს დღეს გამოეხმაურა ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეიც, რომელმაც საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული საპროტესტო გამოსვლების მიღმა ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დგანან. ქვეყნები, რომლებსაც ირანის ქალაქებში “ტერორისტი აგენტები” ჰყავთ შეგზავნილი და მოსახლეობის აბუნტებას ცდილობენ.
როგორც ალი ხამენეი ამბობს, ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები, რომლებიც არბევენ ქუჩებს, სინამდვილეში ვანდალიზმს უცხო ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გასახარებლად სჩადიან. აღსანიშნავია, რომ აიათოლას გამოსვლისას არაფერი უთქვამს ირანის გაძევებულ პრინცზე, რეზა ფაჰლევზე, რომლის დაბრუნებისა და შაჰად კურთხევის მოწოდებები საპროტესტო აქციებისას აქტიურად ისმის.
ირანში არსებულ მოცემულობას უკვე არაერთხელ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც Fox News-ისთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში გუშინ განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერი ქვეყნიდან გაქცევას განიხილავს, თუ პროცესი უმართავი გახდება. ტრამპმა ქვეყნის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოიყენონ და მოსახლეობის მასობრივი ხოცვა არ დაიწყონ. როგორც შტატების ლიდერი ამბობს, თუ ირანის საპოლიციო ძალები მსგავს ნაბიჯს გადადგამენ, პროცესში აშშ ჩაერთვება და მოსახლეობას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ზომების მიღებას განიხილავს თეთრი სახლი, თუ ირანში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.




























