მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე ჭურვი ჩამოვარდა

ბუშერი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა, რომ ირანის ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის, ბუშერის ტერიტორიაზე სამშაბათს საღამოს ამოუცნობი წარმოშობის ჭურვი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტს სადგურის ინფრასტრუქტურის დაზიანება ან პერსონალის დაშავება არ მოჰყოლია. სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ მხარეებს, აშშ-ს, ისრაელსა და ირანს მაქსიმალური თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული ბირთვული ავარიის რისკი.

ცნობისთვის, ბუშერის ელექტროსადგურს, რომელიც თეირანიდან 760 კილომეტრში, სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, რუსული „როსატომი“ მართავს.

რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, დარტყმა სადგურის ოპერაციულ ბლოკთან ახლოს, მეტროლოგიური სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, რომ რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია, თუმცა ობიექტიდან რუსი სპეციალისტების მორიგი ევაკუაცია უკვე იგეგმება. ამ დროისთვის სადგურზე 480 რუსეთის მოქალაქე რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ჭურვის წარმომავლობა დაზუსტებული არ არის, სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევები. სიცხადისთვის, ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა, ბუშერს სხვა დანიშნულებაც აქვს. მის ტერიტორიაზე განთავსებულია ირანის სამხედრო-საზღვაო ბაზა და აეროპორტი, რის გამოც ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით განსაკუთრებითაა დაცული. სავარაუდოა, რომ სწორედ ერთ-ერთი სამხედრო ობიექტისკენ გასროლილი რაკეტის მოგერიებისას მოხდა ის შეჯახება და აფეთქება, რამაც უცნობი წარმოშობის ჭურვის ბუშერის სიახლოვეს ჩამოვარდნა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, რომელიც სამხრეთ ირანში საჰაერო იერიშებს ხელმძღვანელობს, მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები