Galt & Taggart-ში მიიჩნევენ, რომ ირანში მიმდინარე ვითარება ტურიზმისთვის გამოწვევაა, თუმცა საქართველოს ეკონომიკის ამ სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ "საქმიან დილაში" ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, წელს გამოწვევები იქნება და ერთ-ერთი გამოწვევა ირანში მიმდინარე სიტუაციაა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ტურიზმის სექტორზე, თუმცა ეს გავლენა იქნება მინიმალური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ირანიდან ტურისტული ნაკადებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების დაახლოებით 2.7%-ს შეადგენდა (დაახლოებით 125 მლნ დოლარი). თუ დავუშვებთ ყველაზე უკიდურეს სცენარს, რომ გაჩერდეს ირანიდან ტურისტული ნაკადები მთლიანად, ამის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე შეიძლება იყოს 0.25 პროცენტული პუნქტით შენელება, რაც უმნიშვნელოა", - ამბობს ქავთარაძე.
Galt & Taggart-ის ეკონომისტი აცხადებს, რომ 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5.3%-ით 280 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ჯამში კი ქვეყანამ შარშან ტურიზმიდან 4.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
"უცხოური ბარათების გადახდებიდან გამომდინარე, დეკემბერში ჩვენი შეფასებით, ტურიზმის შემოსავლები 5.3%-ით გაიზარდა და 280 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ჯამურად გავდივართ 4.6 მილიარდზე, ანუ 2025 წელს ტურიზმიდან შემოვიდა 4.6 მილიარდი. ეს არის ჩვენი შეფასება. რაც შეეხება 2026 წელს, ვფიქრობთ, რომ წელს ტურიზმის სექტორი უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნება და 4.9 მილიარდს მიაღწევს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ფაქტობრივად, ეს არის სექტორი, რომელიც ეკონომიკისთვის ქმნის 14%-იან დამატებულ ღირებულებას და ასაქმებს დაახლოებით 220 ათას ადამიანს (პირდაპირი და არაპირდაპირი). როდესაც ტურიზმის სექტორი იზრდება, ამის ფონზე ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად ინკლუზიური არის", - ამბობს ქავთაძე.




























