მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობთ, წლის ბოლომდე კიდევ გაგრძელდება შევსება და რეზერვები $4.9 მილიარდს მიაღწევს - ლაშა ქავთარაძე

ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ელის, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები წლის ბოლომდე 4.9 მილიარდ დოლარს მიღწევს. მან ამის შესახებ "საქმიან დილაში" განაცხადა, სადაც ეკონომიკის კვირეული მიმოიხილა.

"საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 4.7 მილიარდ დოლარს მიაღწია ივნისის მდგომარეობით. წინა თვესთან შედარებით 103 მილიონი დოლარით გაიზარდა. ინტერვენციებზე სტატისტიკა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ 200 მილიონზე მეტი შესაძლოა იყოს. 5 თვეში გვაქვს სებ-ის წმინდა შესყიდვები 614 მილიონი დოლარი. თუ ამ 200 მილიონ დოლარსაც დავუმატებთ, უკვე 800 მილიონ დოლარზე მეტი გამოდის, ეს საკმაოდ პოზიტიური არის იმისათვის, რომ რეზერვები შეივსოს, მას შემდეგ, რაც ის გასულ წელს 4.4 მილიარდამდე ჩამოვიდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე კიდევ გაგრძელდება შევსება და 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო რეზერვებში ჩვენ 2024 წლიდან გვაქვს ოქროს კომპონენტი და ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 16.1%-ს შეადგენს",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

მისივე თქმით, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის სავალუტო შემოდინებები, რაშიც მოიაზრება ტურიზმიდან შემოსავალი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები ჯამურად 7 მილიარდამდე დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 600 მილიონი დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე დადებითად მოქმეებს, დოლარის გლობალურად გაუფასურებასთან ერთად.

"[ძლიერი საგარეო შემოდინებები] არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე და ვხედავთ, რომ თვიდან თვემდე ჩვენ მცირედი გამყარებებიც კი გვაქვს ასე ვთქვათ, გაცვლით კურსში. ამასთან ერთად შეგახსენებთ, რომ გლობალურად გაუფასურებული დოლარიც ერთ-ერთი მხარდამჭერია",- ამბობს ეკონომისტი.

ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ საბაზისო პროგნოზი, წელს ტურიზმიდან ჯამურად 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებაზე, ნარჩუნდება.

"მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მატება ფიქსირდება, 7%-იანი ზრდა არის და 1.6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მივიღეთ. აქედან ჩაშლას რომ შევხედოთ, ანუ ტურისტული ვიზიტები რამდენი იყო და ერთდღიანი ვიზიტები, ტურისტული ვიზიტები საკმაოდ კარგად არის გაზრდილი, 10.7%-ით გაეზარდა და ერთდღიანი ვიზიტორები კვლავ შემცირებას აჩვენებს, თუმცა ჯამურად მაინც ეს შემცირება გავლენას ვერ ახდენს, რადგან ტურისტული ვიზიტების წილი საკმაოდ მაღალია, 80%-ია და ეს განაპირობებს მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორების ზრდას. რამ განაპირობა ეხლა ეს 7%-იანი ზრდა? ჩვენ თუ შევხედავთ ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მაღალი კონტრიბუცია ამ ზრდაში რუსეთიდან ვიზიტორებზე მოდის, შემდეგ არის აზერბაიჯანი, რუსეთიდან 16%-ით გაიზარდა წლიურად მეორე კვარტალში ვიზიტორები, აზერბაიჯანიდან 46.7%-ით, ევროკავშირიდან გასულ წელს ვხედავდით, რომ კვარტლურ ჭრილში შემცირებები იყო და წელს უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ ძლიერი ზრდა არის, 20.4%-ით გაიზარდა. სომხეთი და ასევე ინდოეთი მოსდევს მაღალი კონტრიბუციით, ხოლო კლების მიმართულებით არის თურქეთიდან ვიზიტორები შემცირდა და ასევე ირანიდან, ნუ ირანიდან მეორე კვარტლის ბოლოსკენ ისრაელ-ირანს შორის ასე ვთქვათ კონფლიქტმა გავლენა იქონია ვიზიტორების შემოდინებაზე.

რომ შევხედოთ ჯამურად წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვს, 2.8 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს, ეს არის 4.6%-იანი ზრდა და აქედან ტურისტული ვიზიტები, რომელიც უფრო მაღალი მხარჯველობით გამოირჩევა, ეს გაიზარდა 6.9%. შემოსავლების ნაწილში მეორე კვარტალში ჯერ ოფიციალური სტატისტიკა არ არის, თუმცა ჩვენ წინასწარი შეფასებები გვაქვს გაკეთებული და მეორე კვარტალში საქართველოში დაახლოებით და 1.2 მილიარდის შემოსავლები მიიღო ტურიზმის ინდუსტრიამ. ეს არის დაახლოებით 9.1%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან. ხოლო თუ შევხედავთ ჯამურად 2025 წლის იანვრიდან ივნისის მონაცემს, უკვე ტურიზმთან შემოსავლებმა 2 მილიარდს მიაღწია და ეს არის 6.2%-იანი ზრდა. საბაზისო სცენარში ვტოვებთ პროგნოზს, რომ მიმდინარე წელს ტურიზმის შემოსავალი 4.5 მილიარდს მიაღწევს",- თქვა ლაშა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები