აშშ-ისრაელისა და ირანის კონფლიქტის ესკალაციამ ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული ინდუსტრიაში ქაოსი გამოიწვია.
მთავრობებმა გასცეს გაფრთხილებები და თავიანთ მოქალაქეებს ურჩიეს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, როგორებიცაა ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი (გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა). ამასთან, რეგიონის საჰაერო სივრცის ფართო დერეფანი კვლავ დაკეტილია.
ტურისტულ ეპიცენტრებში, მაგალითად დუბაისა და დოჰაში, მყოფი მოგზაურები სახლებში დაბრუნებას შეზღუდული რაოდენობის სამაშველო რეისებით ცდილობენ.
ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში კამპანია პროგნოზით, ოთხიდან ხუთ კვირამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა შესაძლოა, "გაცილებით დიდხანს გასტანოს".
პროგნოზების თანახმად, ახლო აღმოსავლეთის ტურიზმის ინდუსტრიისთვის შედეგები მწვავე იქნება.
მზარდი დაძაბულობა, სავარაუდოდ, შეაფერხებს ტურიზმის იმ მნიშვნელოვან აღმავლობას, რაც ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში შეინიშნებოდა.
"ჩვენ ვხედავდით [ვიზიტორთა] სტაბილურ ზრდას წლიდან წლამდე, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე ახალი ტურისტული ინვესტიციების ფონზე. საუდის არაბეთი ამჟამად დაახლოებით 10%-ზეა, მაგრამ წარმოუდგენლად სწრაფად იზრდება მას შემდეგ, რაც 2019 წელს დასასვენებელი ტურიზმისთვის გაიხსნა. ის ნამდვილად ჩვენი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა", - ამბობს იბრაჰიმ ხალედი Middle East Travel Alliance-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
მანვე აღნიშნა, შაბათ-კვირის მოვლენებმა ეს ზრდა შეაჩერა.
"იმ ადგილებისთვის, რომლებიც აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა სახიფათო ზონების ან ფრენისთვის აკრძალულ სიებში შეიყვანეს, სამწუხაროდ, უამრავი გაუქმება მივიღეთ. ფრენები შეფერხებულია და ამ კონკრეტულ ზონებში მოგზაურობა ფაქტობრივად გაჩერებულია", - ამბობს ხალედი.
Tourism Economics-ის ახალი ანგარიში რეგიონულ ტურიზმზე ომის გავლენის პროგნოზებს აქვეყნებს, რაც Travel Alliance-ის მოლოდინებს ემთხვევა. მათი პროგნოზით, 2026 წელს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტორთა დანახარჯები €40 მილიარდით შემცირდება, ხოლო შემომსვლელთა რაოდენობა წლიურად 11-27%-ით დაიკლებს.
"ჩვენი ვარაუდით, კონფლიქტის გამო, 2026 წელს ახლო აღმოსავლეთში შემომსვლელთა რაოდენობა წლიურად 11-27%-ით შემცირდება, დეკემბრის პროგნოზთან შედარებით, რომელიც 13%-იან ზრდას ვარაუდობდა.
აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ეს ნიშნავს 23-38 მილიონით ნაკლებ საერთაშორისო ვიზიტორს ჩვენს წინა პროგნოზთან შედარებით და ვიზიტორთა დანახარჯებში 29-48 მილიარდი ევროს ზარალს", - განაცხადეს გლობალური პროგნოზირების დირექტორმა ჰელენ მაკდერმოტმა და უფროსმა ეკონომისტმა ჯესი სმიტმა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ტურისტულ მოთხოვნაზე ამ კონფლიქტის გავლენა უფრო დიდი იქნება, ვიდრე შარშანდელი კონფლიქტისა.
ეს დიდწილად განპირობებულია ირანის საპასუხო დარტყმებით სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნებზე, რომლებიც უფრო ჩამოყალიბებული ტურისტული მიმართულებებია, ასევე რეგიონში საჰაერო სივრცის უფრო ფართომასშტაბიანი დახურვით, ვიდრე გასულ წელს.
Tourism Economics-ის პროგნოზით, მოცულობის კუთხით ყველაზე დიდ დანაკარგს GCC-ის ქვეყნები მიიღებენ, რადგან ისინი რეგიონის უდიდესი მიმართულებებია, რომლებიც მანამდე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის იმიჯს ეყრდნობოდნენ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან საერთაშორისო ვიზიტორთა დიდი მოცულობისა და საჰაერო მიმოსვლაზე ძლიერი დამოკიდებულების გამო. ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ ნეგატიური განწყობები საჰაერო ტრანსპორტზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე სახმელეთო ტრანსპორტის ვარიანტებზე.
"შაბათ-კვირას ირანის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საპასუხო დარტყმების გათვალისწინებით, ნეგატიური განწყობების ეფექტი სავარაუდოდ უფრო ფართოდ გავრცელდება GCC-ის ქვეყნებზე," - ნათქვამია ანგარიშში.
Tourism Economics-მა ასევე ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის როლს, როგორც გლობალურ სატრანზიტო ჰაბს - მისი აეროპორტები საერთაშორისო სატრანზიტო აქტივობის დაახლოებით 14%-ს შეადგენენ.
ჯგუფის თქმით, ეს გარდაუვალ გავლენას მოახდენს რეგიონის გარეთაც. მიმდინარე შეფერხება იმოქმედებს სამგზავრო ნაკადებზე (მათ შორის ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის არსებულ ძირითად მარშრუტებზე), რომლებიც ჩვეულებრივ ახლო აღმოსავლეთის ჰაბებზე გადის.




























