ავიაკატასტროფაში იბრაჰიმ რაისის დაღუპვის შემდეგ ირანის მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს კენჭს დღეს, 28 ივნისს უყრის. ირანის 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები არჩევანს 4 კანდიდატს შორის გააკეთებენ, თითოეული მათგანი კი ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ერთგულია.
არჩევნები რეგიონში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს - გრძელდება ომი ისრაელსა და, ირანის მოკავშირე, ჰამასსა და ჰეზბოლას შორის. ამასთან, ირანის ატომური პროგრამის გამო, გაზრდილია წნეხი დასავლეთიდანაც.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე არჩევნები ირანში მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მის შედეგებს გავლენა ექნებათ ალი ხამენეის მემკვიდრეობაზე - უზენაესი ლიდერი თანამდებობას 1989 წლიდან იკავებს. სწორედ ხამენეი იღებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი პრეზიდენტი შეცვლის ირანულ პოლიტიკას ატომური იარაღის ან შუა აღმოსავლეთში მილიტარისტული ჯგუფების მხარდაჭერის შესახებ.
ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად 18:00 საათამდე გრძელდება, შედეგები კი შაბათ დილით გამოცხადდება. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%+1 ხმას ვერ მიიღებს, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური მომდევნო პარასკევს დაინიშნება.