ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტის ძირითადი პრინციპები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადებს ინტერვიუებსა და სხვა სახის კომუნიკაციას მედიასთან, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილად მიიჩნევენ. მათ შორის იგულისხმება აშშ-ისა და ისრაელის მედია და ის მედიასაშუალებები, რომლებსაც რომელიმე ეს ქვეყანა აფინანსებს. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ირანული მედია იტყობინება.
პარლამენტის სამართლებრივი კომისიის წევრმა ოსმან სალარიმ განაცხადა, რომ კანონპროექტის ცალკეული დებულებები, რომლის მიზანიც უცხოური დაზვერვის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაა, ჯერ კიდევ განსახილველი და დასამტკიცებელია.
შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული მედიასაშუალებებისთვის ინტერვიუს მიცემა ან დისკუსიებში მონაწილეობა აიკრძალება, ხოლო დარღვევისთვის სასჯელი ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. სხვა უცხოურ მედიასთან ინტერვიუსთვის კი საჭირო გახდება დაზვერვის სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინება.
ასევე, უცხოურ საელჩოებთან, უცხოური ორგანიზაციების ოფისებთან ან სხვა არაირანულ დაწესებულებებთან კონტაქტი, დაზვერვის სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან წერილობითი ნებართვის მიუღებლად, გამოიწვევს ჯარიმას და გარკვეული სოციალური უფლებების ჩამორთმევას.




























