მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში საპროტესტო აქციებს სულ მცირე 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რა ვითარებაა პროტესტის მე-11 დღეს?

ირანი

ოთხშაბათს ირანის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი შეტაკებები მოხდა. ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პროტესტი ქვეყანაში უკვე მე-11 დღეა გრძელდება - ინფორმაციას ირანში მიმდინარე მოვლენებზე BBC ავრცელებს.

"ირანის რევოლუციურ გვარდიასთან" დაახლოებული ნახევრად ოფიციალური სააგენტო Fars-ის ცნობით, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლორდეგანში შეიარაღებულმა პირებმა ორი პოლიციელი მოკლეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაძაბული დაპირისპირება ჩანს, ფონზე კი სროლის ხმა ისმის. სხვა კადრებში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები აქციის მონაწილეების მიმართ ცეცხლსასროლ იარაღსა და ცრემლსადენ გაზს იყენებენ, დემონსტრანტების ნაწილი კი მათ ქვებს ესვრის.

აშშ-ში მოქმედი "უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს" (HRANA) მონაცემებით, პროტესტი 31-ვე პროვინციის 111 ქალაქსა და დასახლებას მოედო. მათი ინფორმაციით, არეულობისას დაიღუპა სულ მცირე 34 დემონსტრანტი და უსაფრთხოების სამსახურის 4 თანამშრომელი, დაკავებულია 2 200-მდე ადამიანი. BBC Persian-მა 21 ადამიანის გარდაცვალება და მათი ვინაობა დაადასტურა, ირანის ხელისუფლება კი უსაფრთხოების 5 თანამშრომლის დაღუპვაზე საუბრობს.

აქციები 28 დეკემბერს თეირანში დაიწყო, როდესაც ქუჩაში გამოსულმა მოვაჭრეებმა ღია ბაზარზე ირანული რიალის კურსის დოლართან მიმართებით მკვეთრი ვარდნა გააპროტესტეს. ბოლო ერთ წელიწადში რიალი რეკორდულად გაუფასურდა, ინფლაციამ კი 40%-ს მიაღწია. ეკონომიკურ მდგომარეობას ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები, მთავრობის არასწორი მენეჯმენტი და კორუფცია ამძიმებს. აქციებს მალევე შეუერთდნენ სტუდენტები და პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

მნიშვნელოვანი შეტაკებები იყო ქალაქ მეშჰედშიც, სადაც დემონსტრანტებმა უსაფრთხოების ძალები აიძულეს, უკან დაეხიათ. დიდი დემონსტრაცია გაიმართა ქალაქ აბადანშიც.

მთავრობის სხდომის შემდეგ ირანის ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამად ჯაფარ ყაემპანაჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პეზეშქიანის ბრძანებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ უსაფრთხოების ზომები არ უნდა გატარდეს, თუმცა ხელისუფლება მკაცრად გაემიჯნა "არეულობის მონაწილეებს". ამავდროულად, მთავრობამ 71 მილიონი მოქალაქისთვის ყოველთვიურად დაახლოებით 7 დოლარის ეკვივალენტი დახმარების გაცემა დაიწყო, ხარჯების შესამსუბუქებლად.

უზენაესმა ლიდერმა ხამენეიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება "უნდა ესაუბროს მომიტინგეებს", მაგრამ "არეულობის მონაწილეებს ადგილი უნდა მიუჩინოს". ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ "მზადყოფნაშია" და თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს დაესხმება თავს, აშშ ჩაერევა.

ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი პროტესტი 2022 წლის შემდეგ, როდესაც მაჰსა ამინის გარდაცვალებას ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. მაშინ სასტიკი დარბევის შედეგად 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები