მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანთან ომი მხოლოდ “უპირობო კაპიტულაციით” დასრულდება - ტრამპი

ტრამპი

ირანში მიმდინარე ომი მეორე კვირაში გადავიდა. საომარი მოქმედებების დასრულების ვადებთან დაკავშირებით კი გაურკვევლობა იზრდება: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანისგან "უპირობო კაპიტულაციას" ითხოვს.

"ირანთან არავითარი გარიგება არ შედგება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა!

ჩვენ და ჩვენი მრავალი შესანიშნავი და მამაცი მოკავშირე დაუღალავად ვიშრომებთ, რომ ირანი განადგურების პირას მყოფი მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ და ეკონომიკურად იმაზე დიდ, უკეთეს და ძლიერ ქვეყნად ვაქციოთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - დაწერა ტრამპმა პარასკევს თავის პლატფორმაზე, Truth Social-ზე.

ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის პოსტი სოციალურ ქსელში, რომლის თანახმადაც, ანონიმურმა ქვეყნებმა მედიაციის მცდელობები დაიწყეს. ამან კონფლიქტის მოგვარების ხანმოკლე იმედი გააჩინა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიშები მიიტანეს.

ომი სპარსეთის ყურესა და ლიბანში ვრცელდება

ტრამპი ომის მიზნებთან დაკავშირებით ცვალებად განმარტებებს აკეთებს, რაც ხანგრძლივი კონფლიქტის ალბათობას ზრდის. დაპირისპირება უკვე გასცდა ირანის საზღვრებს, შეარყია გლობალური ფინანსური ბაზრები და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ირანმა საპასუხო იერიშები მიიტანა ისრაელსა და სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული.

გაეროში ირანის ელჩის, ამირ საიდ ირავანის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე 1 332 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა. ირანული იერიშების შედეგად ისრაელში 11 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილია აშშ-ის სულ მცირე 6 სამხედრო მოსამსახურე.

დღეს დილით, ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დაფიქსირდა. ისრაელის არმიამ დაადასტურა ირანიდან მომავალი საფრთხე, რის შემდეგაც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მუშაობა დაიწყეს.

პარალელურად, ისრაელი თავს დაესხა მეზობელ ლიბანს, სადაც, მათი თქმით, ირანულ და "ჰეზბოლას" სამიზნეებს ანადგურებდნენ.

"ლტოლვილთა ნორვეგიული საბჭოს" მონაცემებით, ბოლო ოთხ დღეში ლიბანში 300 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმებს 123 ადამიანი ემსხვერპლა, 683 კი დაშავდა.

პარასკევს ევროპული და ამერიკული საფონდო ბირჟები დაეცა, ნავთობის ფასებმა კი მრავალწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტილია (აქ ყოველდღიურად გლობალური ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის).

ავიაციის მონიტორინგის ვებგვერდის, Flightradar24-ის თანახმად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენები აღდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები