აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ მოკლე პოსტში აცხადებს, რომ ირანის სამხედრო რესურსები და ხელმძღვანელობა "განადგურებულია", თეირანთან მოლაპარაკებებისთვის კი "უკვე გვიანია".
"მათი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, საჰაერო და საზღვაო ძალები, ისევე როგორც ხელმძღვანელობა - აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვუთხარი: გვიანია!" - წერს პრეზიდენტი Washington Post-ის იმ სტატიის საპასუხოდ, რომელიც ირანზე თავდასხმის შესახებ მის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მანამდე, კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ლიდერებს მათივე თხოვნით "გაესაუბრებოდა", თუმცა პარალელურად აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ საჰაერო იერიშებს აგრძელებდა და ირანელებს რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდებდა.




























