მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ს ირანში ომის პირველი კვირა $11 მილიარდი დაუჯდა - New York Times

ირანი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონგრესის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ირანის ომის პირველი ექვსი დღე შეერთებულ შტატებს სულ მცირე $11.3 მილიარდი დაუჯდა - ამის შესახებ New York Times-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

ეს ციფრი, რომელიც სენატორებისთვის სამშაბათს გამართულ დახურულ ბრიფინგზე დასახელდა, არ მოიცავს ომის სრულ ხარჯებს, თუმცა ის მიაწოდეს კანონმდებლებს, რომლებიც კონფლიქტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას აქტიურად ითხოვდნენ.

კონგრესის რამდენიმე თანაშემწის თქმით, ისინი ელიან, რომ თეთრი სახლი კონგრესს ომისთვის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნით მალე მიმართავს. ზოგიერთი ოფიციალური პირის ვარაუდით, მოთხოვნილი თანხა შესაძლოა, $50 მილიარდი იყოს, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ეს შეფასება დაბალია.

ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია კონფლიქტის ხარჯების საჯარო შეფასება ან ომის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ მკაფიო ხედვა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ომი მოიგო, მაგრამ ბრძოლაში დარჩება საქმის ბოლომდე მისაყვანად.

ირანის წინააღმდეგ კამპანია 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმებით დაიწყო და ამ დრომდე დაახლოებით 2 000 ადამიანი შეიწირა, ძირითადად ირანელები და ლიბანელები. კონფლიქტი ლიბანშიც გავრცელდა და ენერგეტიკის გლობალურ ბაზრებსა და სატრანსპორტო სფეროში ქაოსი გამოიწვია.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კანონმდებლებს ასევე აცნობეს, რომ დარტყმების პირველი ორი დღის განმავლობაში $5.6 მილიარდის ღირებულების საბრძოლო მასალა დაიხარჯა.

კონგრესის წევრებმა, რომლებსაც შესაძლოა მალე მოუწიოთ ომისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცება, შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ კონფლიქტი ამოწურავს აშშ-ის სამხედრო მარაგებს იმ ფონზე, როდესაც თავდაცვის ინდუსტრიას ისედაც უჭირდა არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები